02 მაისი 2024,   18:53
ვრცლად
გიორგი რურუას საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

საკანში გადაღებული ვიდეომასალის მედიაში გასაჯაროების შემდეგ, სადაც ასახულია როგორ იღებენ ძალის გამოყენებით სამართალდამცავები დნმ-ის ნიმუშებს გიორგი რურუასგან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

გიორგი რურუას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ის რაც ვიდეოჩანაწერში ჩანს, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს ყველაფერი, რომ სინამდვილეში ეს არ არის საგამოძიებო მოქმედება, ეს არის უბრალოდ პირადი ნივთების მოპარვა, რაც წარმოადგენს ცალსახად დანაშაულს. ახლა უკვე სახელმწიფო ინსპექტორმაც უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება და გავრცელებული ინფორმაცია ამის თაობაზე უკვე საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი," - აღნიშნა დიტო საძაგლიშვილმა.

როგორც "მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, გიორგი რურუა ძალადობის მსხვერპლია. 

"ამ წუთშიც არის მყისიერი საფრთხე, იყოს ძალადობის მსხვერპლი. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ, პოლიცია და ციხის ადმინისტრაცია არ ახორციელებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ჩადის დანაშაულს და გზას უხსნის ადამიანებს, იძალადონ პატიმარზე,"-  განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებმა გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშები ძალის გამოყენებით აიღეს.

პენიტენციური დაწესებულების განცხადებით, არსებობდა ნებართვა, რომ თუ ბრალდებული კვლავ უარს განაცხადებდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, საგამოძიებო მოქმედება იძულების წესით ჩატარდებოდა.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დატოვების შემდეგ დააკავეს. სამართალდამცავები მას იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები