04 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
"ჩვენგან ბავშვი არ გაყიდულა" - სამშობიარო "ბაიების" ადმინისტრაცია ჩვილი ბავშვის გაყიდვაში კლინიკის მედიკოსების მონაწილეობას უარყოფს

ახალშობილის გაყიდვის ფაქტი თბილისში - დაკავებულია დედა, 2 ექიმი და კიდევ 4 პირი. არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის საქმეზე, სულ შვიდი პირია დაკავებული, მათ შორის 2 მედიკოსი, ერთი კი იმ კლინიკის წარმომადგენელი, სადაც ბავშვის დედამ იმშობიარა.

სამშობიარო "ბაიებისრეგისტრატურაში "კურიერს" უთხრეს, რომ ქალმა მათ კლინიკაში ნამდვილად იმშობიარა. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა განმარტავენ, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება კლინიკის ადმინისტრაციას არ ჩაუდენია.

"არ გაყიდულა ჩვენგან ბავშვი და ყველანაირად ვემიჯნებით ბავშვის გაყიდვის ფაქტს. არ ვიცი რა მოხდა. ჩვენთან იმშობიარა, საკეისრო კვეთა გაიკეთა, ამის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი," - განაცხადეს კლინიკის რეგისტრატურაში.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ სწორედ კლინიკა "ბაიების" 2 ექიმია ტრეფიკინგის ბრალდებით  დაკავებული.

"ეს ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა, ჩვენი არც ერთი თანამშრომელი არ არის დაკავებული. ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია და მთავარი ექიმიც იგივე ინფორმაციას გეტყვით. ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ჩვენს კლინიკის ტერიტორიაზე არ დაკავებულა ჩვენი არც ერთი თანამშრომელი," - განაცხადა თამთა მაისურაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 13 ათას დოლარად, ადამიანის გაყიდვა და მიღებული თანხის გადანაწილება გადაწყვიტეს. მოიძიეს მსურველი, რომელიც ჩვილის შეძენაში ფულს იხდიდა. ამის შემდეგ, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, სამშობიაროში სხვა პირის სახელით და გვარით დარეგისტრირდა. იმშობიარა და საბოლოო ჯამში, შვილი გაყიდა.

ცნობილია, რომ დაკავებულთაგან ერთი ანალოგიური ბრალდებით რამდენიმე წლის წინაც იყო გასამართლებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები