30 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
უკვე მე-5 საათია საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს

5 საათია საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს. პლენუმმა უნდა დაადგინოს,  რამდენად კონსტიტუციური იყო მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს საკანონდებლო ორგანომ უფლებამოსილება "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე პირველ ინსტანციაში გამოტანილი განაჩენისთანავე შეუწყვიტა, რაც მელიას შეფასებით, არაკონსტიტუციურია, რადგან დეპუტატები შემდეგ ინსტანციებში განხილვას უნდა დალოდებოდნენ.

"ვფიქრობ, სასამართლო ძალიან ჭეშმარიტ მოცემულობას გაითვალისწინებს, რომ სანამ გასაჩივრების პროცედურები ამოწურული არ არის, გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, არ შეიძლება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად ჩაითვალოს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის"  პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის განცხადებით, ნიკა მელიას შემთხვევაში გასაჩივრების ყველა საშუალება ამოწურული არ იყო. 

"ჩვენი პოზიცია, პირველ რიგში, ემყარება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, განაჩენი საბოლოოდ არ ჩაითვლება, სანამ გასაჩივრების ყველა საშუალება არ იქნება ამოწურული, ნიკა მელიას შემთხვევაში კი, ეს საშუალებები ამოწურული არ იყო" - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

დღის ამბები