26 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
საცხოვრისიდან გამოსახლება, საერთაშორისო სტანდარტები და გამოწვევები - EMC-ში საკითხზე მსჯელობა გაიმართა

საცხოვრისიდან გამოსახლება, საერთაშორისო სტანდარტები და გამოწვევები საქართველოს კონტექსტში - ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ამ თემის ირგვლივ მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრაზე გამოსახლებისგან დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები მიმოიხილეს.

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ გამოსახლებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები უნდა დანერგოს, რათა გამოსახლების პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული იყოს.

"ამჯერად გამოსახლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე, ვიმსჯელეთ მორატორიუმის აუცილებლობაზე მანამ, სანამ არ გასწორდება საკანონმდებლო ინსტიტუციური ჩარჩოები, მანამ, სანამ სახელმწიფო არ დანერგავს პრევენციულ ღონისძიებებს, გამოსახლების პროცესს არ უზრუნველყოფს, რომ იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული და უზრუნველყოფს საცხოვრისით გამოსახლებულ ადამიანებს," – აცხადებს კოტე ერისთავი.

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" პროგრამის კოორდინატორმა ანანო ცინცაბაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სათანადო სტანდარტებით აღჭურვილი საცხოვრისის პოლიტიკა. მისი თქმით, მხედველობაში არ არის მიღებული ადამიანის ის უფლება, რომ არ დარჩეს ქუჩაში საცხოვრისის გარეშე არ დარჩეს.

"როგორც იცით, დღეს ქვეყანას არ აქვს საცხოვრისის პოლიტიკა, სათანადო სტანდარტებით, აქვს ძალიან ხარვეზიანი გამოსახლების პოლიტიკა, რომელშიც მხედველობაში არ არის მიღებული ადამიანის ძირითადი უფლება,  რომ ის არ დარჩეს ქუჩაში, არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე. ჩვენ ვცდილობთ, რომ სახელმწიფომ შექმნას ასეთი პოლიტიკა და დააფუძნოს ის საცხოვრისის საერთაშორისო სტანდარტებზე, არსებობდეს როგორც პრევენციული პოლიტიკა, ისე რეაგირებითი პოლიტიკა და ეს ორივე სისტემა ერთმანეთთან შეთამაშებაში იყოს," - განაცხადა ანანო ცინცაბაძემ.

დღის ამბები