26 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
კორონავირუსი საქართველოში - რა ვითარებაა ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოსა და ტუბერკულოზის ცენტრში

კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში უცხო პირების გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. ბოლო ინფორმაციით, 6 პირი, რომელსაც ვირუსი ლაბორატორიულად არ დაუდგინდა, კარანტინის ორკვირიან პერიოდს ხუდადოვზე არსებულ ტუბდისპანსერში გაივლიან. მათ ინფექციური საავადმყოფო სპეციალური სამსახურების დახმარებით გვიან ღამით დატოვეს. საავადმყოფოში კი რჩება 18 პაციენტი, მათ შორის ინფიცირებული მამაკაცი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალი პაციენტების უმრავლესობას კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს:

"6 კაცი, რომელთა პასუხი უარყოფითი იყო, კორონავირუსის ინფექციაზე გაიყვანეს საავადმყოფოდან და გადაიყვანეს  კარანტინში. 15-დან 4 კაცი ძველი პაციენტებია, მათ შორის 1 ინფიცირებული, ერთი მისი კონტაქტი და 2 გრიპიანი, 11 დან 9 პაციენტის ანალიზი გამოკვლევებისთვის აღებულია, მაგრამ ჯერ პასუხი არ არის, ორისთვის არც აუღიათ. მესაზღვრეც მათ შორის არის, მისი მდგომარეობა კარგია, მას კლინიკური მდგომარეობა კარგი აქვს,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტუბერკულოზის ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა ავალიანის თქმით, მათ დაწესებულებაში გადაყვანილ პირებს კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ, თუმცა მათზე სამედიცინო მონიტორინგი მაინც ხორციელდება:

"საკარანტინო-საიზოლაციო ტიპის დაწესებულებებში, რა ფუნქციასაც ახლა ჩვენ ვასრულებთ, ესენი გახლავთ მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოეთის, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში იმ ქვეყნების გავლით, სადაც არის მაღალი რისკი კორონავირუსის, შესაბამისად ეს არის გარკვეული რისკის ჯგუფის კატეგორიიდან პირები, რომლებზეც განხორციელდება სამედიცინო მონიტორინგი, მათ გამოხატული კლინიკური ნიშნები ბუნებრივია არ აღენიშნება,"- აღნიშნა ზაზა ავალიანმა.

დღის ამბები