03 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
რუსეთის ულტიმატუმი საქართველოს - ოპოზიცია ე.წ. დეპორტირებულების საქმეში საქართველოს ხელისუფლების შეცდომაზე საუბრობს

რუსეთის ულტიმატუმი საქართველოს - ოფიციალური მოსკოვი არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას იქამდე, ვიდრე არ შედგება ზუსტი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტაციის გამო დაზარალდნენ. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია დარღვევების და თანხის ოდენობის დაკონკრეტებასაც ითხოვს. პირობები, რომელიც ასახულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გეგმაში, არ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს გზით დაკისრებული 10 მილიონი ევროს გადახდას და არც სიაში წარმოდგენილი 1795 ადამიანის დაზარალებულად ცნობას.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნას საქართველოში ეხმაურებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა, რომ რუსეთს სიის დაზუსტების მოთხოვნის საბაბი მისცა. "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროსაბჭოს ეგიდით აღებული ვალდებულება:

"ძალიან სამწუხაროა, რომ საბაბი, რომელსაც ახლა რუსეთი იყენებს, რომ არ არის დაზუსტებული სია იმ ადამიანების, ვისთვისაც კომპენსაცია უნდა იყოს გაღებული, მისცა მას დღევანდელმა ხელისუფლებამ, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ეს ასე არის, იმიტომ რომ თავის დროზე სხვადასხვა ვადა იქნა გამოტოვებული, არ იქნა სიები დაზუსტებული და ახლა ამას იყენებს საბაბად. მიუხედავად იმისა,რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში დაუშვა მძიმე შეცდომა, ეს არ ამართლებს რუსეთს, მას აქვს კონკრეტული ვალდებულება და მან უნდა შეასრულოს ევროსაბჭოს ეგიდით აღებული ვალდებულებები," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ხაზს უსვამს იმას, რომ 10 მილიონის გადახდის დაკისრება რუსეთისთვის არა ფინანსური, არამედ სერიოზული პოლიტიკური ზიანია:

"რუსეთი იძულებული გახდა, გადაიხადოს კომპენსაცია, მათ დაადასტურეს რომ აპირებენ გადახდას, თუმცა დროის გაწელვის გამო ვაჭრობენ და გვედავებიან, რომ თითქოსდა არა 1700 კაცი, არამედ 200-ით თუ 300-ით ნაკლები დაზარალდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, საბოლოოდ მათ მოუწევთ ამ ფულის გადახდა. რა თქმა უნდა, 10 მილიონი ევრო რუსეთისთვის დიდი ფული არაა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზიანი, რომელიც მიადგა ამ ქვეყანას, რომელმაც დაარღვია ადამიანის უფლებები,"- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთმა, საიმიგრაციო კანონების დარღვევის საბაბით, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია განახორციელა. ეს იყო შურისძიება 2006 წლის სექტემბერში თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დაკავების გამო. რუსეთის სახელმწიფოს ეს ქმედება საფუძვლად დაედო სტრასბურგის სასამართლოში "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" პირველ სახელმწიფოთაშორის დავას.

დღის ამბები