22 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
საჭიროებს სამოქალაქო სექტორის ნევროლოგიურ კლინიკაში გადაყვანას - სამედიცინო ექსპერტი დეკანოზის მდგომარეობაზე

დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე სასჯელაღსრულების მეთვრამეტე დაწესებულებაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მსჯელობენ. გადაწყვეტილება მოსამართლემ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. პროცესზე ექსპერტებს კითხავენ

სამედიცინო ექსპერტი, ქეთევან გელაშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა, ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ჯანმრთელობა ერთი წლის წინ გამოიკვლია, შესაბამისად, ექსპერტი ამბობს, რომ კითხვებს, რომელიც მამა გიორგი მამალაძის დღეს არსებულ მდგომარეობას ეხებოდა, ვერ უპასუხა.

გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ დეკანოზი პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას ვერ იღებს. როგორც ქეთევან გელაშვილი ამბობს,  საქმეში სახალხო დამცველის მოწვევით ჩაერთო. 

"მე გახლავართ საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევით დამოუკიდებელი ექსპერტი. ექსპერტიზა ჩატარდა ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის პირველ მარტს და მხოლოდ იმ პერიოდის მდგომარეობა მაქვს შეფასებული. დღევანდელი მდგომარეობის შეფასების კომპეტენცია მე არ მქონდა. ამიტომ, იმ შეკითხვებს რომელიც ამჟამინდელ მის მდგომარეობას ეხება, მე არ ვუპასუხე. ჩემი მიზანი იყო შემეფასებინა მამალაძის უფლებების იმპლემენტირების ხარისხი, ადეკვატურ ფსიქიატრიულ დახმარებასთან კომპლექტში. და ჩემი დასკვნა იყო გამოტანილი, რომ ვერ იღებს ადეკვატურ ფსიქიატრიულ დახმარებას პენიტენციურ სისტემაში და საჭიროებს სამოქალაქო სექტორის ნევროლოგიურ კლინიკაში გადაყვანას. საქართველოს კანონმდებლობით, ფსიქიატრებს და ნევროლოგებს აქვთ თანაბარი კომპეტენცია, მაგრამ ფსიქიატრიული სტაციონარები არ არიან ადაპტირებული ასეთი დაავადებების სამკურნალოდ," - განაცხადა ქეთევან გელაშვილმა.

დღის ამბები