22 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ხვდებიან

ემუქრება თუ არა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის საფრთხე - მაუწყებლის თანამშრომლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ხვდებიან და ტელევიზიაში თვეების განმავლობაში მიმდინარე მწვავე პროცესების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. 

მანამდე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან გამართეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ფორმით იქნება დიპლომატიური წარმომადგენლობა ჩართული პროცესებში.

მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საუბრობენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

"ჩვენ თვეებია ვუყურებთ პროცესს, როგორ ამსხვრევენ ნაჯახით თავისუფალ სიტყვას აჭარის ტელევიზიაში. ეს არის მედიის ჩახშობა და მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ ძალიან ღირსეულ ჟურნალისტებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა საერთაშორისო მექანიზმით თავისუფალი სიტყვა,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ აჭარის ტელევიზიაში შექმნილი სიტუაცია ითხოვს საპარლამენტო კონტროლს.

"აშკარაა, რომ შრომითი უფლების დარღვევის მასშტაბი ძალიან გაიზარდა. ჩვენ აქტიურად ვხვდებით საპარლამენტო ჯგუფებს და ვთხოვთ გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რაც არსებობს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი კოტე ერისთავი აღნიშნავს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში სასამართლოში შეიტანენ სარჩელს.

"უახლოესი დღეების განმავლობაში ვაპირებთ, რომ სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი. ძალიან ბევრი სამართლებლივი დარღვევაა და ირკვევა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა უხეშად ერევა სარედაქციო პოლიტიკაში,"- განაცხადა კოტე ერისთავმა.

დღის ამბები