12 მაისი 2024,   07:15
ვრცლად
კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვებიან. გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო 21 თებერვლიდან მოყოლებული ​თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1108 ადამიანს გაეწია. 

"დღევანდელი 3 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ გვქონდა კორონავირუსის 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა ეს შემთხვევა გატესტილია და აქედან დადასტურებულია 15 შემთხვევა. ამ 15 შემთხვევიდან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთში მოგზაურობას, 7 იტალიაში მოგზაურობას (საიდანაც 6 შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს), 5 შემთხვევა კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტი. ამჟამად, ლუგარის ცენტრში კვლევაზეა 23 ნიმუში, ამასთან 17 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან. კარანტინში ამჟამად იმყოფება 178 ადამიანი. 21 თებერვლიდან სხვადასხვა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებულ 1108 ადამიანს გაეწია თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ერთ-ერთ ჩვენს მთავარ პრობლემას დღეს წარმოადგენს თვითიზოლაციაში ადამიანთა მონიტორინგი და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, მხარდაჭერა იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგი, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. რამდენჯერმე მოვუწოდეთ კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები