02 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭო მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობას განაგრძობს განსხვავებულ რეჟიმში, რაც ჯგუფების ცალ-ცალკე შეხვედრას ითვალისწინებს.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, 11:00 საათზე შედგა შეხვედრა ჯანდაცვის ჯგუფთან, დღის განმავლობაში კი, ეკონომიკურ და სამართალდამცველ ჯგუფებთან იქნება შეხვედრები.

"უწყებათაშორისი კომისია განაგრძობს მუშაობას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მეთაურობით, საკითხების რაოდენობა არის ძალიან ბევრი და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობას განაგრძობს განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ინფორაცია, რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსის თვალსაზრისით, ასევე მან მოისმინა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა დამატებითი სიმძლავრეები იქნა მოძიებული ჯანდაცვის სისტემაში, რათა მზად დავხვდეთ შესაძლო გართულებებს. დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ შეადგინა 38. უმეტესობას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლით.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ კარანტინში იმყოფება 1261 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 216 პირი. მათთან მიმართებაში ხორციელდება ყველა განსაზღვრული ღონისძიება.

პრემიერმა ასევე მიიღო ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისგან, თუ რა ვითარებაა სწრაფი ტესტირების თვალსაზრისით, ასევე დამატებითი ტესტირების შესაძლებლობების გაზრდისათვის ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები