26 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
კორონავირუსი და დახურული საჰაერო სივრცე - საზღვარგარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ

სპეც-რეისების იმედად დარჩენილი ქართველები შველას ითხოვენ. "კურიერმა" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეებისგან ასობით შეტყობინება მიიღო. კორონავირუსის გამო ფრენები ან საერთოდ გაუქმდა ან ძალიან გაძვირდა. საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ ძირითადად იტალიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან. მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცე დაიხურა, ქვეყანაში დაბრუნების ერთადერთი გზა "აირზენას" მიერ შესრულებული რეისებია, თუმცა უცხოეთში ჩარჩენილები ამბობენ, რომ განრიგებზე ინფორმაცია არ აქვთ.

ბადრი კაპეტივაძე ერთ-ერთია, ვისაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო ფრენა გაუუქმდა. ბერლინში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე საელჩოსგან პასუხს ყოველდღე ელოდება. მისი თქმით, ფრენებს ერთადერთი ავიაკომპანია ახორციელებს, თუმცა ბოლო პერიოდში ბილეთის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და მოსახლეობის ნაწილი მის შეძენას ვერ ახერხებს.

სამშობლოში ვერ ბრუნდებიან სასწავლებლად უნგრეთში წასული სტუდენტებიც. ერთ-ერთი მათგანი "კურიერთან" ყვება, რომ მას საკონსულოში განუმარტეს, რომ ფრენა შესაძლოა ერთი თვის განმავლობაში ვერ განხორციელდეს. ამ ეტაპზე მასთან ერთად კიდევ ერთი სტუდენტი რჩება.

სახელმწიფოსგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გაუქმებული ფრენების გამო უკან ვეღარ ბრუნდებიან საფრანგეთიდან და პოლონეთიდან. სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ იტალიიდანაც და ემიგრაციაში გაურკვეველი ვადით რჩებიან.

საგარეო უწყების ინფორმაციით მომავალ კვირას იგეგმება ბერლინიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა. საგარეოსთან კოორდინაციაში მოხდება სხვა მიმართულებების განსაზღვრაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა. სხვადასხვა რეისებით საზღვარგარეთიდან უკვე მოხერხდა საქართველოს 3000-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება.

დღის ამბები