22 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
რა ვითარებაა მარნეულსა და ბოლნისში - ახალი ინფორმაცია ჩაკეტილი ზონიდან

მეორე დღეა მარნეული და ბოლნისი საკარანტინო რეჟიმშია - მოსახლეობას განსაკუთრებული შეზღუდვების რეჟიმში უწევს ცხოვრება. საკარანტინო ზონაში მედიის მუშაობა შეზღუდულია. "კურიერს" ინფორმაციას "რადიო მარნეულის" ჟურნალისტი და ტელეკომპანია "მარნეული" აწვდიან.

ქალაქში არსებულ ვითარებაზე დაკეტილი ზონიდან ჟურნალისტმა ვლადიმერ ჩხიტურიძემ ისაუბრა:

"დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში გადაადგილება შეზღუდული უნდა იყოს, კვლავ გადაადგილდება მოსახლეობა და მათი ძირითადი ნაწილი საკვებ ობიექტებსა და მაღაზიებში დადის. მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მარნეულის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს. ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მოსახლეობა დარჩა სამუშაო ადგილების გარეშე და მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ იყიდონ სხვადახვა სახის პროდუქტი,"- აცხადებს ვლადიმერ ჩხიტურიძე.

მისი თქმით, დღეს მარნეულის სოფლებში ჩამოიარეს სასულიერო პირებმა მანქანებით და მათ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლები აკურთხეს.  

მარნეულში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ COVID-19 კიდევ 4 პირს დაუდასტურდა. ისინი იმ ქალის ნათესავები არიან, რომელიც მკურნალობას ჯერ მარნეულის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში გადიოდა, ახლა კი, მძიმე მდგომარეობით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ​ჯეოჰოსპიტალსის კლინიკის მედპერსონალი ამ დრომდე კარანტინშია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს დილიდან მარნეულის ქუჩებში დადიოდნენ მობილური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას კორონავირუსის სიმპტომებზე ამოწმებდნენ.

 

დღის ამბები