26 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, 20-მდე ადამიანის ნიმუშების პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი

თერჯოლის სოფელ ღვანკითში ამ დროისათვის თერმოსკრინინგი 1600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. სოფელში დღეს დილიდან ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს. მათი თქმით, უკვე გამოკვლეულ პირებს ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ უფიქსირდებათ. წითელ ზონაში კიდევ 800-მდე ადამიანის სკრინინგი იგეგმება.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, უკვე აღებული 20-მდე ადამიანის ნიმუშების პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

როგორც ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ სოფელ ღვანკითის სამივე სასურსათო მაღაზიას პროდუქტებით დღეს მოამარაგებენ. მისი თქმით, ადგილობრივები სასურსათო მაღაზიების მომსახურებით სარგებლობას უკვე დღეს საღამოს შეძლებენ.

"ჩვენ დილიდან დავიწყეთ უკვე თერმოსქრინინგი უკვე სოფელში და შესაბამისად, გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საჭირო გახდა ნიმუშის აღება. ჩვენი ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ, აიღეს ნიმუშები გუშინდელ შემთხვევებთან ერთად და დღის ბოლოსთვის გვექნება ინფორმაცია დაუდასტურდებათ მათ თუ არა. ეს არის 20-მდე ადამიანი და ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლევას გავაგრძელებთ სოფელში, სანამ მთლიანად მთელს მოსახლეობას არ გამოვიკვლევთ. 

შევთანხმდით ჩვენ მაღაზიის მეპატრონეებთან და დღეს პროდუქტი შევა უკვე სოფელში სამივე მაღაზიაში და ჩვენი მოქალაქეები უკვე საღამოსკენ შეძლებენ, რომ ისარგებლონ მათი მომსახურებით," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები