03 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
ვინც დარჩა უმუშევარი ან შეუმცირდა ხელფასი, სახელფასო დანაკლისის 50% უნდა მიიღოს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ხელისუფლება დღეს ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. ოპოზიცია მოსალოდნელ ცვლილებებს აკრიტიკებს და მათ განხილვას საკანონმდებლო ორგანოში მოითხოვს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ თითოეული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის დახმარება სახელფასო დანაკლისის არანაკლებ 50% უნდა იყოს. 

"ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, რომელსაც თან ახლავს კონკრეტული გათვლები და ფინანსური დასაბუთება, შესაძლებელია, ყველა ადამიანმა, ვინც დარჩა უმუშევარი ან არის უხელფასო შვებულებაში, ან შეუმცირდა ხელფასი, მიიღოს სახელფასო დანაკლისის 50%. ამაზე უფრო ნაკლები ნებისმიერი თანხა იქნება მთავრობის მიერ იმ სერიოზული პრობლემების იგნორირება, რის წინაშეც მთელი საზოგადოება აღმოჩნდა,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რადგან ანტიკრიზისული ბიუჯეტის მობილიზება იმ სოციალური პროგრამების ხარჯზე მოხდა, რაც ხალხს უნდა მოხმარებოდა, ეს გეგმა მთავრობას განსახილველად პარლამენტში უნდა წარმოედგინა. 

"ეს ბიუჯეტი შთანთქავს იმას, რომელიც უნდა მოხმარებოდა ხალხს, ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს მთავრობამ ეს გეგმა პარლამენტში. მთავრობას შეეშინდა ანტიკრიზისული გეგმის პარლამენტში წარმოდგენისა. ეს ბიუჯეტი ამ ფორმით ნიშნავს თითოეული ჩვენი უმუშევრად და უშემოსავლოდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის წილში ჩაჯდომას, ამიტომ არ ველოდებით არავითარ სერიოზულ პროგრამას,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მტავრობის ანტიკრიზისული გეგმა დივერსიფიცირებულია და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებით დახმარებას.

"ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან მომავალში დაკარგავენ არსებული ვირუსის პირობებში, მათთვის დაბალანსდეს გარკვეული სოციალური რისკები. ეს პროგრამა არის დივერსიფიცირებული და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებით დახმარებას. პროგრამა იქნება შედგენილი იმისათვის, რომ ამ მოქალაქეების წინაშე არსებული ვალდებულებები და ის პრობლემები, რომელიც მათ აქვთ, დაბალანსდეს,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 300 მილიონი ლარი ჯანდაცვის სექტორისთვის, ნახევარი მილიარდი ბიზნესისთვის, ერთი მილიარდი კი ფიზიკური პირების დასახმარებლად დაიხარჯება.

დღის ამბები