10 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ კოდექსით უფრო მეტი მოვალეობა ეკისრება, ვიდრე უფლება - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მხარი დაუჭირეს ცვლილებებს ტყის კოდექსში, განაცხადა, რომ საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ კოდექსით უფრო მეტი მოვალეობა ეკისრება, ვიდრე უფლება. 

"მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად, სწორედ არჩევნების წინ ვაპირებთ, რომ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე. ამ კანონით ჩვენ საპატრიარქოს თუკი მიეცემა ტყეები რაღაც გარკვეული რაოდენობით, იმ ეკლესია მონასტრების მიმდებარედ, რომლებიც, უმეტესწილად, ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლებები,"- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა კი განაცხადა, რომ ვინც ეკლესიას ებრძვის, ის ქართველებსაც ებრძვის და მინისტრის მოადგილეს მოუწოდა, მათ ყურადღება არ მიაქციოს. 

"ვინც ეკლესიას ებრძვის და ქილიკობენ ეკლესიაზე, მაგათ საერთოდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ესენი ებრძვიან მთლიანად ქართველ ერს და ქართველობას და საქართველოს ებრძვიან. ამიტომ, ესენი არ არიან საერთოდ სახსენებელი,"- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძემ ცვლილებების შესახებ პრეტენზიებთან დაკავშირებით პარალელი გაავლო იმ ფაქტთან, როდესაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მართლმადიდებლურ ეკლესიას ქონება ჩამოართვა.

"დეკრეტი არსებობს ბოლშევიკური ხელისუფლების, რომელმაც საქართველოს ეკლესიას წაართვა ყველა საკუთრება აბსოლუტურად. ნუ დაუბრუნდებიან ბოლშევიკურ აზროვნებას და ნუ დაბრუნდებიან 1920-იანი წლების დასაწყისში. მით უმეტეს, რომ 2010 წელს საკუთრების შესახებ კანონში პირდაპირ დაუშვეს მათ ტყეებზე საკუთრება ეკლესიებთან დაკავშირებით,"- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

"ქართული ოცნების" წევრმა კობა ლურსმანაშვილმა კი აღნიშნა, რომ კანიონი არავის არ აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში. 

"ცალსახად მინდა დავაფიქსირო, რომ არცერთი კომპესიის წარმომადგენლების უფლებები ამით არ ირღვევა, არც თანაბრობის პრინციპია გამოკვეთილი და დარღვეული და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც ერთნაირ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულები. ის, რომ ჩვენი დედა ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ეს ნუ იქნება ნურავისთვის საწყენი,"-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

პარლამენტმა სამი მოსმენით საკომიტეტო ფორმატში განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას, ტაძრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის ფლობის უფლება ექნება.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. 

ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. ახლა წინ სასესიო განხილვებია. იმ შემთხვევაში, თუ კანონი ამოქმედდება, ეკლესიას ექნება ვალდებულება იზრუნოს მისაკუთერებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების განაშენიანებასა და მოვლაზე. კოდექსს "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერა აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები