პარლამენტმა სამი მოსმენით საკომიტეტო ფორმატში განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას, ტაძრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის ფლობის უფლება ექნება.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი ეკა ჭითანავა აცხადებს, რომ სახელმწიფო მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, რაც სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს არღვევს.
"შევიდა ცვლილებები, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ უფრო მეტ უფლებებს და პრივილეგიებს ანიჭებს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს აქვს დისკრიმინაციული პოლიტიკა სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ. იგი მუდმივად არღვევს სეკულარობის პრინციპს, სახელმწიფოს და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და ცდილობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოიპოვოს საპატრიარქოს მხარდაჭერა და კეთილგანწყობა,"-განაცხადა ეკა ჭიტანავამ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, თეონა ფირანიშვილი აცხადებს რომ ეს კანონი უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ უმცირესობებს და სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო რესურსების უსამართლო პრაქტიკას ქმნის.
"საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაშინ, როდესაც შეზღუდულია, მაგალითად შეკრების თავისუფლება და ჩვენ და სხვა ადამიანებს, რომელებსაც უშუალოდ ეხება კანონი და მათ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებთ, არ შეეძლოთ ეფექტურად, შინაარსობრივად ჩართულიყვნენ ამ კანონპროექტის განხილვაში. ეს კანონი ცალსახად ეწინააღმდეგება თანასწორობის და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპებს. პირველ რიგში, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ უმცირესობებს და, გარდა ამისა, სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო რესურსების უსამართლო პრაქტიკასაც ქმნის. ასევე, ჩვენ გვაქვს იმის ვარაუდი, რომ საპატრიარქოსთვის ამ დამატებითი პრივილეგიების გადაცემით სახელმწიფო წინასაარჩევნო პერიოდში ცდილობს გარკვეული ლოიალობის მოპოვებას ამ ჯგუფისგან,"-განაცხადა თეონა ფირანიშვილმა.
ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. ახლა წინ სასესიო განხილვებია. იმ შემთხვევაში, თუ კანონი ამოქმედდება, ეკლესიას ექნება ვალდებულება იზრუნოს მისაკუთერებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების განაშენიანებასა და მოვლაზე. კოდექსს "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერა აქვს.