26 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
დამოუკიდებელი დეპუტატების თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია

დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის ახალი საარჩევნო მოდელი არის შანსი, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს და პოლიტიკურ სიბრტყეში მათი ხმაც ისმოდეს.

სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი კანონპროექტი და მას მხარს აუცილებლად დაუჭერენ.

"ქვეყნის ინტერესი არის მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, გადავიდეთ ახალ დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე და დანარჩენი საკითხები განვიხილოთ უკვე პოლიტიკურ რეჟიმში, მაგრამ ერთმანეთს არ დავაკავშიროთ და დიდი საყოველთაო სიკეთე არ დავაზიანოთ ამით," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატების დიდი ნაწილი მხარდაჭერას გეგმავს და ამის შესახებ "ქართული ოცნებისთვისაც" ცნობილია, რომლებიც სწორედ მათ ხმებზე აკეთებს ახალ გათვლას. პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ფრაქცია აღნიშნული პროცესის ბოლომდე მიყვანას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

"საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის, პოლიტიკური მრავალფეროვნების, პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმის ასახვისთვის მომდევნო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად ჩვენი ფრაქცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აღნიშნული პროცესის ბოლომდე განხორციელებას," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები