02 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ეს არის ძალიან დიდი მარათონი, ეს არის ბრძოლა, ჩვენ გვიტევენ - მამუკა ხაზარაძე

ლაშა ბაქრაძემ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" დატოვა. ისტორიკოსმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, თუმცა არ დააკონკრეტა რატომ მიიღო გადაწყვეტილება. ბაქრაძის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ "ლელოში", მათ შორის მამუკა ხაზარაძეც.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ძალიან წუხს იმის თაობაზე, რომ ლაშა ბაქრაძემ "ლელო" დატოვა, თუმცა კონკრეტულად რა იყო მისი ყოფილი თანაგუნდელის მიერ "ლელოდან" წასვლის გადაწყვეტილების მიზეზი, ხაზარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ თავად ლაშა ბაქრაძემ უნდა გასცეს პასუხი. მამუკა ხაზარაძის თქმითვე, "ლელოს" უტევენ და ეს არის ბრძოლა-მარათონი.

"ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ლაშამ "ლელო" დატოვა. ეს არის ძალიან დიდი მარათონი, ეს არის ბრძოლა. მე ლაშას პატივს ვცემ. ეს კითხვები ალბათ ლაშას უნდა დაუსვათ კონკრეტულად რა იყო პარტიის დატოვების მიზეზი, მაგრამ პროცესი გრძელდება. ჩვენ ვძლიერდებით, ჩვენ გვიტევენ.

ეს ზედმეტი აჟიოტაჟი შეიქმნა ბოლო ორი დღის განმავლობაში უფრო აზიანებს ამ პროცესს. იყო ამოგლეჯილად მხოლოდ ჩემი პასუხის პასუხები ამოღებული და მთლიანი კონტექსტი დარჩა გაუგებარი მაყურებლისთვის და უმეტესობამ უბრალოდ მიიღო ეს როგორც ფაქტი.

კითხვა იყო შემდეგი: დავაკანონებთ თუ არა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას და მათზე შვილების აყვანის უფლებას. ამაზე პასუხი იყო, რომ ჩვენ მხარს ამას არ დავუჭერთ," – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

ის ადამიანები, რომლებიც სექსუალური უმცირესობის თემებზე მუშაობენ აღნიშნავენ, რომ ასეთი განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან არის საკმაოდ საფრთხის შემცველი, რადგანაც მათ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.

მათი თქმით, ის ადამიანები, ვისაც სურთ, რომ პოლიტიკური მანდატები მოიპოვონ და კანონმდებლები გახდნენ, ძალიან ფრთხილები უნდა იყვნენ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს და მათ განცხადებებში უნდა იკითხებოდეს ის, რომ პრობლემა, რაც საქართველოში არსებობს ამ მიმართულებით და რაზეც ისინი მიუთითებენ, რეალურად გააზრებულია და იმედის მომცემი უნდა იყოს მათი განცხადებები, რომ ისინი სულ მცირე ამის შეცვლას შეეცდებიან.

"ჩვენ გვიწევს ძალიან მძიმე ვითარებაში ცხოვრება და იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა, მათ შორის თუ საკანონმდებლო ორგანოზე ვსაუბრობთ და ამ შემთხვევაში „ლელო“ იბრძვის იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდეს, ის ცვლილებები უნდა გაატაროს, რომელიც ადამიანებს არსებულ ვითარებას შეუცვლის. როგორც მინიმუმ, თუ ამაში ხედვა უკვე აცდენაშია და ეს ადამიანი არც კი აღიარებს პრობლემის არსებობას, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კითხვის ნიშანი დგება და იგივე მდგომარეობაში დარჩენა ამ შემთხვევაში პროგრესს არ ნიშნავს ჩვენთვის," - განაცხადა ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება "თბილისის პრაიდის" წევრი გიორგი თაბაგარი.

დღის ამბები