03 მაისი 2024,   15:08
ვრცლად
ერთადერთ შემთხვევაში გადავადდება არჩევნები..." - რას აცხადებს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე

"რაც შეეხება პანდემიის მეორე ტალღას - თქვენ ხართ ანტიკრიზისული საბჭოს წევრი. დღეს ჩატარდა ერთ-ერთი შეხვედრა, ეპიდემიოლოგები მთელი დღის განმავლობაში გვესაუბრებიან, რომ საქართველოში დაიწყო უკონტროლო გავრცელება და ჩვენთვის უცნობია დაინფიცირების წყარო. იმ შეხვედრაზე, რომელსაც თქვენ დღეს ესწრებოდით, განიხილებოდა, თუ არა ისევ კარანტინის შემოღება უმოკლეს პერიოდში?" - აღნიშნული კითხვა მამუკა მდინარაძეს წამყვანმა "ღამის კურიერის" ეთერში დაუსვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კარანტინის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა. მამუკა მდინარაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა შეზღუდვები მოხსნილია და რისკებიც ვირუსის გავრცელების უფრო დიდია, სწორედ ამ ვითარებას შეგვიძლია უკვე მეორე ტალღა დავარქვათ.

"კარანტინის შემოღებაზე ჩვენ დღეს არ გვისაუბრია, თუმცა სპეციალისტებს, როდესაც ვუსმენთ, ისინი გვეუბნებიან, რომ პრაქტიკულად ამას შეგვიძლია დავარქვათ უკვე მეორე ტალღა იმიტომ, რომ რისკები აქ არის ძალიან მაღალი. შეიძლება ითქვას, რომ თუ კი შეზღუდვების შემოღების რაღაც ეტაპზე, შუაში მაგალითად, პიკის დროს იყო, იმაზე გაცილებით დიდი რისკია იქიდან გამომდინარე, რომ ახლა არის ყველაფერი გახსნილი.

დაახლოებით მსგავსი მოლოდინი გვქონდა და ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება COVID-19-თან. ჩვენ უნდა ავიღოთ ყველამ, ხელისუფლებამ პირველ რიგში, მაგრამ მოქალაქეებმაც პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ რისკები მაქსიმალურად დავამარცხოთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები COVID-19-თან, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ამაში სახელმწიფოს მოქალაქეებიც უნდა დაეხმარონ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ კი ისეთი კრიზისული პერიოდი იქნება, რომ ამომრჩეველი ფიზიკურად ვერ მივა არჩევნებზე, მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება საუბარი შეეხოს არჩევნების გადადებას. 

"არჩევნები უნდა ჩავატაროთ. როგორც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდს და ამ პერიოდში არჩევნები საერთოდ რომ არ იყოს, გავივლით კოვიდთან ერთად და ვმართავთ, ოღონდ მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა დადგნენ ამ საერთო ინტერესის სადარაჯოზე, ასევე უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების ადრე ჩატარებაზე ან გადავადებაზე საუბარი საერთოდ არ არის.

ჩვენ 31 ოქტომბერს, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, უნდა ჩავატაროთ, მაგრამ ერთადერთ შემთხვევაში, ხაზგასმით ვამბობ, თუ კი რაღაც ისეთი კრიზისული პერიოდი იქნება, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ჩატარება, ამ შემთხვევაში შეიძლება მსგავსი საკითხი განიხილებოდეს, ვთქვათ გადადების საკითხი. თუ ვერ ჩავატარეთ, ფიზიკურად ადამიანი ვერ მოვიდა არჩევნებზე, ბუნებრივია გადაიდება, მაგრამ არც ერთი სიტყვა და წინადადება არ თქმულა ჯერჯერობით "ქართულ ოცნებაში", ჩვენს გუნდში არჩევნების გადადებაზე, მსგავსი საკითხი ჩვენ არ დაგვიყენებია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორ ემზადება არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“,  შეთანხმდნენ თუ არა გუნდში პირველ ნომერზე - მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ამ თემასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრეს.

"პირველ ნომერზე შევთანხმდით თუ არა ამასაც კი არ გეტყვით, პირდაპირ გეუბნებით იმიტომ, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არ საუბრობენ როგორც წესი. ჩვენ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებისკენ წასულნი ვართ, მაგრამ მე თქვენ ამასთან დაკავშირებით ვერ დაგელაპარაკებით დღეს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები