02 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
"ქურდული" სამყაროს წევრობისთვის დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში არიან

ქურდული სამყაროს წევრობის, მიმართვის და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, საქმეში არ იკვეთება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა და წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მის საქმეში მონაწილებას.

"მტკიცებულებები ჩავიბარეთ გუშინ. სამი ტომია, მაგრამ ამ ტომებში არის მხოლოდ და მხოლოდ ლირიკული საუბრები პირებს შორის და ეს საუბრები არ შეიძლება ჩაითვალოს ქურდული სამყაროს ზეგავლენის განმტკიცებაში," - აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი აღიარებს ქურდულ სამყაროს და ქურდული სამყაროც აღიარებს მას. ოთხი ტომი საქმე გადმოგვცეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოსამართლე ინდივიდუალურად მიუდგება დაკავებულებს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ დააპატიმრებს,"- აცხადებს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, დაკავებულები ახორციელებდნენ ქურდულ გარჩევებს და მოდავე მხარეებს ფულად სანქციებს აკისრებდნენ, რის გამოც პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმრის კონფლიქტის გარჩევის საქმეზე დაკავებულია სულ 7 პირი. 3-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

 

დღის ამბები