12 მაისი 2024,   03:41
ვრცლად
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ტკიპების მეშვეობით გადადის და ის საქართველოში დაფიქსირებულია - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი მარინა ენდელაძე იმ ინფექციურ დაავადებებზე საუბრობს, რომლებიც, დღესდღეობით, ზაფხულის სეზონზე საქართველოში აქტუალურია.

"დღის კურიერის" ეთერში მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექცია სწორედ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებაა, რომელიც ტკიპების მეშვეობით გადადის და საკმაოდ საშიშ დაავადებებს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინფექციას საკმაოდ მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი აქვს.

მარინა ენდელაძის თქმით, მსგავსი გზით, ტკიპების მეშვეობით, ასევე გადადის ბორელიოზის ინფექცია, ანუ ლაიმის დაავადება, რომელიც ასევე არის საქართველოში დაფიქსირებული. მისივე განცხადებით, რა თქმა უნდა, ყველა ტკიპა არ რის დაინფიცირებული.

"ჩვენთან ახლა ზაფხულის ინფექციები უფრო აქტუალურია, ლეიშმანიოზიც, რა თქმა უნდა, და ასევე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ბორელიოზი, ანუ ლაიმის დაავადება და ამათგან განსხვავებით, გადამდებლობის თვალსაზრისით ნაწლავთა ინფექციები.

თუ ვიტყვით ნაწლავთა ინფექციებზე, ნაწლავთა ინფექციებისგან ნამდვილად დაგვიცავს ჩვენ COVID-19- ის პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ანუ ხშირი ხელების დაბანა, პირბადე ამასთან დაკავშირებით ნაკლებად, მაგრამ ეს COVID-19-ისათვის არის აუცილებელი და ნაწლავთა ინფექციებთან დაკავშირებით განსაკუთრებით საკვებთან გვინდა გაფრთხილება. ზაფხულში იცით, რომ მალე ფუჭებადი პროდუქტებია და ხშირად შეიძლება მოხდეს საკმაოდ სერიოზული დაავადების განვითარება ამით.

გარდა ამისა, რაც შეეხება მწერებთან დაკავშირებით, ტკიპები, ძალიან სერიოზულ ინფექციაზე მინდა გესაუბროთ, ეს გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოში და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მიეკუთვნება, ლეტალობა ძალიან მაღალი აქვს და ამიტომ ამისგან თავის დაცვა აუცილებელია. იგივე გზით გადადის, ტკიპების მეშვეობით ასევე ლაიმის დაავადება, რომელიც საქართველოში არის გავრცელებული, ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება, მაგრამ არ მინდა ახლა ისე შევაშინო მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ყველა ტკიპა არ არის დაინფიცირებული," - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე.

დღის ამბები