11 მაისი 2024,   01:06
ვრცლად
არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობას, "ქართულ ოცნებას" თუ უნდა ისაუბროს პენსია 1,000 ლარამდე როგორ გაიზარდოს, სიამოვნებით ჩავერთვებით განხილვებში - სალომე სამადაშვილი LGBT პროპაგანდაზე

დილიდან პოლიტიკური დისკუსიის თემაა საკანონმდებლო ინიციატივა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ - ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ემზადება. პარლამენტში კონსულტაციები იწყება.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ლგბტ პროპაგანდის კანონით დარეგულირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით მძიმე ტენდენციები გამოიკვეთა.

მმართველი გუნდი წინადადებებს ოპოზიციისგანაც ელოდება, თუმცა უმრავლესობის შეთავაზებაზე მათი ოპონენტების უმეტესობა უარს ამბობს და ამ ეტაპზე ელოდება, რა სახეს მიიღებს დაანონსებული კანონპროექტი, რომლის შემუშავების პროცესშიც საკუთარ როლს ვერ ხედავს.

"ჩვენ არ  ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას. "ქართულ ოცნებას" თუ უნდა ისაუბროს იმაზე, პენსია 1 000 ლარამდე როგორ გაიზარდოს, სიამოვნებით ჩავერთვებით განხილვებში", - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი იმის მაგივრად, რომ არსებული პრობლემების მოგვარებით იყოს დაკავებული, საზოგადოებას გამოგონილ რეალობას სთავაზობენ პრობლემად.

"თქვეს, რომ კონსტიტუციას არ დავარღვევთო, რასაც მივესალმები. რა ხედვა აქვთ ისიც არ ვიცი. გამოგონილ რეალობას მთავაზობენ პრობლემად, როდესაც არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე არ მოდიან სასაუბროდ. შესაბამისად, დააყენონ ეს კანონპროექტი, აგერ ვარ და ვიმსჯელებთ შემდგომ", - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები