10 მაისი 2024,   12:52
ვრცლად
რა წერია წერილში, რომელიც Tbilisi Pride-მა დონორებს გაუგზავნა - მმართველი გუნდი ახალი საპროტესტო ტალღის აგორების მცდელობაზე საუბრობს

რატომ არ საუბრობს ოპოზიცია და მესამე სექტორი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის კანონპროექტზე - ერთ-ერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიზეზი წერილია, რომელიც "თბილისი პრაიდმა" საკუთარ დონორებს მიწერა. წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბებამდე დისკუსია არავინ უნდა დაიწყოს, მათ შორის, არც საერთაშორისო პარტნიორებმა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, როცა კანონპროექტი გასაჯაროვდება, "პრაიდმა" სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საწინააღმდეგო კამპანია უნდა დაიწყოს და საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. სამოქმედო გეგმით, გასული წლის მარტის აქციების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მათი ქმედებები საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა შეთანხმდეს.

მმართველი გუნდისთვის წერილმა წინასწარ ამხილა კოორდინირებული გეგმა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შესახებ პროექტის წინააღმდეგ ისეთივე საპროტესტო მუხტის აწევას ისახავს მიზნად, როგორიც გასული წლის მარტის მოვლენების დროს იყო. თუმცა, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტისგან განსხვავებით, უმრავლესობა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის ინიციატივას სისრულეში მოიყვანს.

ოპოზიცია ისევ დუმს - არც გავრცელებული წერილის შინაარსს აფასებს და არც იმაზე საუბრობს, როგორ უნდა გაიმიჯნოს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდა ადამიანის უფლებებისგან. "ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხებზე დასმულ კითხვებს ტრადიციულად პროდუქტების ფასებზე საუბრით პასუხობს.

"ქართულ ოცნებას" არ უკვირს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკითხზე საუბარს თავს არიდებს და პიარტექნოლოგის ინსტრუქციით მოქმედებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობის ინიციატივის საწინააღმდეგო კამპანიას ისევ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები გეგმავენ.

კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიაში არ შედიან არც სხვა ოპოზიციური პარტიები. არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ისინიც ელოდებიან, როდის დაინიცირდება პარლამენტში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის შესახებ კანონპროექტი.

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კოორდინირებული ქმედებების და მცდელობის მიუხედავად, მათ ინიციატივას ოპონენტები ანტიევროპულ კანონპროექტად ვეღარ წარმოაჩენენ.

დონორებისთვის გაგზავნილ წერილს "თბილისი პრაიდი" ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

დღის ამბები