12 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ძალიან მძიმე იყო ქართველი კრიმინალის ხილვა უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ევროპაში გამართულ შეხვედრებს ეხმაურება.

მამუკა მდინარაძის თქმით, ზურაბ ადეიშვილი იყო წამების სისტემის შემქმნელი და ასეთი ადამიანის ხილვა უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე ძალიან მძიმე იყო.

"ძალიან მძიმე იყო ქართველი კრიმინალის ხილვა უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, მით უმეტეს, როდესაც ეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეხებოდა და კიდევ უფრო მძიმე იყო რეაქცია, რაც მათ ამ ვიზიტის შესახებ ჩვენს რეაქციას მოაყოლეს და მათი რეაქცია იყო, რომ ეს იყო თითქოს "ფეიკი". ნამდვილად არ მოგვჩვენებია და ნამდვილად იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იყო წამების, რეკეტის და მსგავსი დანაშაულების ავტორი, ამ დანაშაულების სისტემურად დამლაგებელი. ის ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდებოდა. ვფიქრობთ, ასეთ მოცემულობებს არ უნდა შევეგუოთ.

ძალიან კარგია, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია, მათ შორის, ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში განსაკუთრებულად მოხდა. დღევანდელი პრემიერი, ჩვენი გუნდის წევრები სამართლიანობის პრინციპთან დაკავშირებით განსაკუთრებულ პოზიციას გამოხატავენ და ჩვენ ასე ვიქცევით.

არ შეიძლება კრიმინალები ალაგებდნენ რეფორმებს, კრიმინალები გამოდიოდნენ მოდერნიზაციის ავტორებად, თითქოს სიმბოლოებად, იმიტომ, რომ არაფერი აზიანებს საქართველოში ევროპის მიმართ აღქმებს, როგორც ეს ფაქტი", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები