11 მაისი 2024,   23:44
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ვფიქრობ, ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა, უკრაინას მისი მკურნალობისთვის გადაცემოდა უკრაინის მოქალაქე - ხატია დეკანოიძე

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიას მიერ რამდენიმე ულტიმატუმის წამოყენებას, მათ შორის უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გადაცემის თაობაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა, უკრაინას მისი მკურნალობისთვის გადაცემოდა უკრაინის მოქალაქე. 

"ქართულმა ოცნებამ", თუ ვინმეს ან რამეს უნდა დააბრალოს ის, რომ არც ინტერპოლი, არც "ევროჯასტი", არც არცერთი პარტნიორი სახელმწიფო არ ითვალისწინებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს არის სწორედ "ქართული ოცნების" ბრალი. ნებისმიერი მსჯელობა იმ საკითხზე, რომ უკრაინა არის რამეში დამნაშავე ან ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, ეს არის ასევე დემაგოგიური განცხადებები. არახამიას განცხადება იყო, რომ "გადმოგვეცით სააკაშვილი." მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ვფიქრობ, ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა, უკრაინას მისი მკურნალობისთვის გადაცემოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დავით არახამიას განცხადება ადეკვატურია და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესი.

"ის განცხადება, რომელიც არის არახამიას მხრიდან, ცხადია არის ადეკვატური. უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათ შორის ფასები რომ ძვირდება და ეკონომიკას პრობლემა აქვს, თუ ვინმეს შეუძლია მოგვარება, ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ვისაც ეს ერთხელ უკვე გაუკეთებია. ამიტომ, ის რომ ცივილიზებული სამყარო ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ეს ნორმალურია," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

 

 

დღის ამბები