11 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
იმედი გვაქვს, რომ ევროპა ევროპულ ღირებულებებს არ გადააყოლებს ადეიშვილს - გურამ მაჭარაშვილი

ზურაბ ადეიშვილის, როგორც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნას, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

მაჭარაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპა ზურაბ ადეიშვილს არ გადააყოლებს ევროპულ ღირებულებებს.

"თუ რაიმე აზიანებს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები. როდესაც ქართველი ადამიანი ხედავს, რომ ევროპული ღირებულება კანონის უზენაესობის სახით, კანონის წინაშე თანასწორობის სახით, საქართველოში არის სხვა და ევროპულ სტრუქტურებში და ევროპულ სახელმწიფოებში სხვა, რა თქმა უნდა, ის თავს გრძნობს დაჩაგრულად და თავს არ გრძნობს როგორც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლად.

იმედი გვაქვს, რომ ევროპა ევროპულ ღირებულებებს არ გადააყოლებს ადეიშვილს. იმიტომ რომ ადეიშვილით არ დაწყებულა ევროპული ღირებულება და იმედი მაქვს, რომ არ დამთავრდება.

მადლობა საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება - მიმართა შესაბამის სახელმწიფოებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პრინციპის შესაბამისად, ასევე პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე სახელმწიფოებმა ნება იბოძონ და საქართველოს მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი და პირები გადმოსცენ საქართველოს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები