11 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობის რეაქცია აბსოლუტურად სწორი იყო - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დავით არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის რეაქცია სწორი იყო. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ბრალდებები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

"რეალურად, უკრაინა იფარებდა დამნაშავეს და კიდევ ერთი დანაშაული ჩაადენინეს სააკაშვილს, როცა მან საქართველოში შემოსვლისას ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ამ მიმართულებითაც ჩვენი წუხილი აბსოლუტურად გამართლებულია.

რუსეთთან ფრენების შეწყვეტის საკითხს რაც შეეხება, ეს ადასტურებს, რომ მთელი რიგი ქმედებები მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით და არაერთხელ განიმარტა, რას ნიშნავს საქართველოს მხრიდან რუსეთში ფრენების შეწყვეტა და რა შედეგი შეიძლება, მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ამან შესაძლოა, მოუტანოს ძალიან მძიმე შედეგები არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კუთხით.

რაც შეეხება სანქციებისგან თავიდან არიდებას, ეს არის ნარატივი, რომელსაც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება ხელს უწყობს დაუსაბუთებელი განცხადებებით. ჩვენ ასეთი არაერთი განცხადება ვიხილეთ. მათი ბრალდებები იყო, როდესაც თქვეს, თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება რაღაც ტვირთების გადაზიდვა, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

სწორედ ამიტომ მოექცა საქართველო ფოკუსში ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვნახეთ, რა მოჰყვა შედეგად მაგალითად, ჩვენს თანამშრომლობას ევროკავშირთან თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველო არ არის ის ადგილი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი თავს არიდებს სანქციებს. საქართველო ძალიან კარგად თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა ეს არ მოხდეს და რაიმეს დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს. შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები მიმართულია იმისკენ, რომ რეპუტაცია შეულახონ საქართველოს.

ძალიან რთულია საქართველოსთვის, როდესაც მთელი ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მხარეს და მათ სიტყვას უსმენს მთელი მსოფლიო. არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობის რეაქცია იყო აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას პასუხობს და თავის მხრივ რამდენიმე ულტიმატუმს უყენებს, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გადაცემაც.

"საქართველოს პრორუსული ხელისუფლება აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადიციის შესახებ, რათა ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს", - წერს არახამია და იმ სამ მთავარ მოთხოვნაზე საუბრობს, რომლის შემთხვევაშიც ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელი იქნება.

"დაგვიბრუნდეს ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი; შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან; შეწყდეს აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში. მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება", - აღნიშნავს არახამია.

დღის ამბები