11 მაისი 2024,   14:30
ვრცლად
მელია-გვარამიას ერთობა - საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა გვარამიას წარსულსა და მის განცხადებას იხსენებს

ტრადიციული ბანერებით და პასუხის გარეშე - არიან თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ყოფილი თანაგუნდელები ახლა კონკურენციაში მის პარტიასთან? ლევან ხაბეიშვილმა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ერთობაზე საუბარი არ ისურვა და ამ საკითხის გადაფარვაც ისევ პიარტექნოლოგის ინსტრუქციით სცადა.

პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას", საკუთარი წარდგენით, უკვე გასცა მთავარი გვარამია-მელიას ერთობამ, სადაც მთავარი ოპოზიციური გაერთიანების ამბიცია უკვე აქვთ. ღიად ამბობენ, რომ იმუშავებენ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე და არ ისაუბრებენ წარსულზე. ეცდებიან, პარტიაში ახალი სახეები შემოიკრიბონ, თუმცა ძველებთან კონსულტაციები უკვე აქვთ.

ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ორ ნიკასთან მოლაპარაკებებიც აქვს და ბევრი საერთოც. გვარამია-მელიასთან, სამომავლოდ, თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი - ზურა გირჩი ჯაფარიძე.

უმრავლესობა ნიკა გვარამიას წარსულსა და მის გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, სადაც ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას აფასებს.

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარტიული ნომრის შეცვლა ვერ შეცვლის.

ექსპრეზიდენტის დედა მიიჩნევს, რომ თავისი შვილის სახელს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებენ და ამბობს, რომ თავად სააკაშვილი მხოლოდ 5 ნორმის ერთგული რჩება.

გვარამია-მელიას გაერთიანება რომ, რეალურად, სააკაშვილის ელექტორატზე მუშაობს, ამას "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორები და კოლეგებიც ამბობენ. ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ "ახალი" ახალი ვერც ფორმით იქნება და ვერც - შინაარსით. სკეპტიკურად უყურებენ იმასაც, შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერების ერთობა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მობილიზებას.

სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეების ახალ გაერთიანებას სახელთან იდეური აცდენა აქვს, თუმცა ფიქრობენ, რომ გვარამია-მელიას პოლიტიკური სვლა "ქართული ოცნების" საარჩევნო მიზანს დაეხმარება.

ნიკა გვარამია და ნიკა მელია ნიკა მაჭუტაძის საარჩევნო ნომერმა - 4-იანმა გააერთიანა. პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის" საკუთარი ნომერი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ლიდერებს დაუთმო. ახალი გაერთიანება, როგორც პარტია, ოფიციალურად, ყრილობაზე დაფუძნდება.

დღის ამბები