12 მაისი 2024,   00:14
ვრცლად
თუ მართლა გვინდა, სასამართლოში რამე შეიცვალოს, ქართველ ხალხს უფრო გასაგები იდეები უნდა შევთავაზოთ - სიტყვა "ვეტინგის" შინაარსი არავის ესმის - იაგო ხვიჩია

ვინც ვეტინგის სისტემას ითხოვს და სხვა ქვეყნის მაგალითებს ასახელებს, მეტი არგუმენტები უნდა წარადგინოს, - აცხადებს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანის თქმით, ვეტინგის სისტემა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.

მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნას არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციის ნაწილთან ერთად, ისევ ითხოვს.

ვეტინგთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აზრები ორად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელება საჭიროა, რადგან ეს ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს სისტემა საქართველოში ვერ იმუშავებს. ვეტინგის სისტემა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის სადაც აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ქართველ ხალხს ვეტინგზე უფრო გასაგები იდეები უნდა შესთავაზონ.

"არ ვიცი, რა ფორმებით, ამის გამტარებელი ვინ იყო, მაგრამ გარდა „ქართული ოცნებისა", "ვეტინგის" იდეის ასე წამოწევა და მთავარ ოპოზიციურ იდეად ქცევა არავის არ მოსწონდა. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იდეის ავტორებმა, რომლებიც ხშირად ამბობენ სიტყვას "ვეტინგი", რას ნიშნავს ეს, არ იციან და ამბობენ, რომ ვიღაც ექსპერტებს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან და ვიღაც ექსპერტები ჩაუტარებენ კეთილსინდისიერების გამოცდას მურუსიძეს და ა.შ. ეს არის სრულიად გაუგებარი. ასეთი ტიპის უცხო სიტყვები, როგორიც არის ვეტინგი, ასეთი სიტყვების მოყვანა და ამ ინსტრუმენტით "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლა წამგებიანია. თუ მართლა გვინდა, რომ რამე შეიცვალოს სასამართლოში, ქართველ ხალხს უფრო გასაგები იდეები უნდა შევთავაზოთ, როგორებიცაა არჩევითი მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულების გაფართოება. ამ სიტყვის შინაარსი არავის ესმის და მოფერებით ვეტინგს ეძახიან", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები