11 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
"ვეტინგი" ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს - ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და შემდეგ ნებისმიერი რეკომენდაცია - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს.

კობახიძის თქმით, ოპონენტებს ვერ მოაქვთ ვერცერთი ფაქტი, რომელიც სასამართლოში არსებულ პრობლემებს დაადასტურებდა.

"ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს. "ვეტინგი" გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას მოყვება, უნდა მოჰყვეს უკვე კონკრეტული შედეგები, მათ შორის ეს შედეგი შეიძლება, იყოს მაგალითად, უვადოდ გამწესებული მოსამართლის გათავისუფლება და ა.შ

სწორედ იმიტომ არის ეს პროცედურა არაკონსტიტუციური, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ გამწესებული მოსამართლის გათავისუფლებას და ან რამე მსგავსი ზომების მიღებას მის მიმართ, რაც არის არაკონსტიტუციური. ჩვენ გვყავს უვადოდ გამწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე ისინი არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის თანამდებობის უვადოობის პრინციპს არის წინააღმდეგობაში არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან.

ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური პრინციპები, შემდეგ რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, ის უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს. ზოგადი მიდგომა "ვეტინგთან" დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება, გამოყენებული იქნას უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით. არათუ სისტემურ პრობლემებზე ვერ საუბრობს ვერავინ, არამედ ჩვენ ვითხოვთ ერთი კონკრეტული ქეისის წარმოდგენა ადამიანებს, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოში სერიოზული პრობლემის არსებობას. ვერ წარმოადგინეს ვერცერთი ასეთი საქმე. უფრო მეტიც, თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც ჰქონდა წუხილი ოპოზიციას, რადგან ეს იყო მათთვის პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი წავიდნენ სტრასბურგში, ეს ეხებოდა იგივე სააკაშვილის საქმეს, უგულავას საქმეს, ახალაიას საქმეს, "რუსთავი 2-ის" საქმეს და ა.შ. ყველა შემთხვევაში ოპოზიცია დარჩა წაგებული, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი, დასაბუთებული, ვერცერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს ოპოზიციის წევრებმა, რომელიც დაადასტურებდა არათუ სისტემურ პრობლემებს, არამედ პრობლემებს სასამართლოში", – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები