11 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
"ვეტინგის" სისტემის დანერგვას მომხრეები არასამთავრობო სექტორშიც გამოუჩნდა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებაში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ემხრობა

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესწავლა, სპეციალური მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებსა და მოსამართლეებს შეაფასებს და იუსტიციის საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვა - ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღების ინიციატივით, დღეს, არასამთავრობო სექტორი გამოვიდა.

მსგავსი რეფორმა საქართველოში 2004 წელს უკვე ჩატარდა, თუმცა, ამან სასამართლოს გაჯანსაღება ვერ მოახერხა. ამას "საერთაშორისო გამჭვირვალობაშიც" ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მაშინდელი რეფორმა და "ვეტინგის" სისტემა, განსხვავებულებია.

"ვეტინგის" დანერგვა ქართულ მართლმსაჯულებაში რომ არაერთ პრობლემას წარმოქმნის, ეს დღეს სახელისუფლებო გუნდმა კიდევ ერთხელ თქვა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ იდეით ოპოზიცია და მესამე სექტორი, სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.

ალბანეთის მაგალითი ოპოზიციის ნაწილისთვის არაფერს ნიშნავს, პირიქით, ე.წ. ვეტინგის სისტემის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მოსამართლეთა შემოწმების ეს ფორმა აპრობირებულია სხვა ქვეყნებშიც და ყველგან დადებითი შედეგი აქვს.

სახელისუფლებო გუნდი, ალბანეთში განხორციელებულ რეფორმაზე საუბრობს, რომელიც 2016 წელს დაიწყო და გაჯანსაღების ნაცვლად, მართლმსაჯულების სისტემის პარალიზება მოხდა. "ვეტინგის" სისტემის დანერგვა, ალბანეთში სოროსის ფონდმა დააფინანსა, რომელსაც თავის მხრივ, USAID ეხმარებოდა.

სწორედ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციის მეორე ნაწილი "ვეტინგის" იდეას არ ემხრობა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა გადამოწმების პრაქტიკის დანერგვა, არაერთ რისკს წარმოშობს.

უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის შეფასებას, სახელისუფლებო გუნდი, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფას უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსგავსი პრაქტიკის დანერგვით, სასამართლოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მოთხოვნას, დღეს, პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ვეტინგის" იდეა საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"ვეტინგის" იდეა, რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე დააყენა. "ვეტინგი" უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის დადგენას გულისხმობს.

 

დღის ამბები