12 მაისი 2024,   06:49
ვრცლად
150 ათასზე მეტ პენსიონერს დღეიდან სესხზე პროცენტი შეუმცირდება - გადაწყვეტილება "ლიბერთი ბანკმა" პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო

საპენსიო სესხები და მათზე დამატებული პროცენტები პენსიონერებისთვის წლებია პრობლემური თემაა. ამიტომ პროცენტის კლებასთან დაკავშირებით დღევანდელ სიახლეს დადებითად შეხვდნენ. ნაწილს სესხი არ აქვს და არც ქონია, თუმცა სხვა პენსიონერების მდგომარეობის შესახებ ბევრჯერ სმენიათ. რესპონდენტების ნაწილი საკუთარ რთულ გამოცდილებას გვიზიარებს.

დაახლოებით 150 000 პენსიონერისთვის სესხებსა და ოვერდრაფტებზე პროცენტის კლების შესახებ ლიბერთი ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის მოლაპარაკებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კი გამოცხადდა, რომ შეთანხმება შედგა. სწორედ დღეიდან შევიდა ძალაში ახალი წესი, რომლის მიხედვით სესხზე დამატებული გადასახადი 25%-ზე მეტი არცერთი პენსიონერისთვის აღარ იქნება.

"ლიბერთი ბანკთან" მიღწეული შეთანხმება სოციალურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შედეგის თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც, თუმცა ისინი აკრიტიკებენ სისტემას, რომლითაც როგორც პენსიის ასევე საპენსიო სესხების გაცემა ხდება.

საპენსიო სესხის პროცენტის კლების შეთანხმებით და ზოგადად სოციალური პოლიტიკით კმაყოფილია მმართველი გუნდი. აქ ამბობენ, რომ ოპონენტების კრიტიკა თუ დაპირებები პროცენტების კლებასთან, ასევე პენსიის ზრდასთან დაკავშირებით პოპულისტურია. თავად კი რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით მაქსიმალურ შედეგებს აღწევენ.

მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით ყველა საპენსიო სესხზე 25%-იანი ზედა ზღვარის მქონე განაკვეთი განისაზღვრა სესხის მქონე პენსიონერები ჯამში წლიურად 7-8 მილიონ ლარს დაზოგავენ. ცვლილება ბენეფიციარებზე დღეიდან ავტომატურად აისახება. პენსიონერებს პროცენტის დასაკორექტირებლად ბანკში მისვლა ან რაიმე განაცხადის შევსება არ დასჭირდებათ.

დღის ამბები