12 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
"ღაზას მოსახლეობა იტანჯება, ისრაელმა უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამის წინააღმდეგია" - რა საკითხებზე გაგრძელდება დღეს ევროპული საბჭოს სამიტზე საუბარი

ევროპული საბჭოს სამიტის მეორე დღე - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბელგიის დედაქალაქში ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობენ. განიხილება რუსეთის გაყინული აქტივებით უკრაინის დახმარების შესაძლებლობები და კრემლის მიმართ ახალი სანქციების დაწესებაც. პრიორიტეტულ თემებშია უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კუთხით კი, ლიდერები გუშინ ბოსნია-ჰერცოგოვინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაზე უკვე შეთანხმდნენ. დღეს საუბარი გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესზეც.

"ღაზაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, ამაზე საერთო პოზიცია გვაქვს. მოთხოვნა კონკრეტულია - რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ჰუმანიტარული წვდომა მოსახლეობისთვის,მეორეს მხრივ კი "ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს ტყვეები. ღაზას მოსახლეობა იტანჯება, ისრაელმა უნდა დაგვარწმუნოს რომ ამის წინააღმდეგია.

რაც შეეხება უკრაინას, ახლა პირველადი საჭიროება შეიარაღების მიწოდებაა, ეს ჩვენთვისაც ნომერ პირველი პრიორიტეტია და ამ მხრივ კონსენსუსს მივაღწიეთ კიდეც. ეს გარკვეული დროის წინ შეუძლებლადაც ჟღერდა, თუმცა დღეს უკვე რეალობაა. ეს აჩვენებს, რომ ეს სამიტები რეალურად მუშაობს," - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ.

"ომი ევროპაში გრძელდება, რუსეთი ჯერ კიდევ დიდ ზეწოლას ახდენს ევროპაზე. ჩვენ უკრაინას მეტად უნდა დავეხმაროთ, უნდა მივცეთ ის რასაც ახლა ითხოვენ. ამიტომაც გვქონდა გუშინ სამხედრო ინდუსტრიასა და თავდაცვაზე მსჯელობა. ჯერ კიდევ არსებობს საქონელი, რომელსაც რუსეთი სამხედრო ინდუსტრიისთვის იყენებს. ამიტომ ველი ახალ სასანქციო პაკეტს, რომ რუსეთი შევაკავოთ ფინანსურად და ეკონომიკურად. ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა და მზად უნდა ვიყოთ მშვიდობისთვის," - აღნიშნა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ.

 

დღის ამბები