11 მაისი 2024,   16:06
ვრცლად
იმ პოლიტიკურ ლიდერებს მივმართავ, რომლებიც არც ენმ-ის დაქვემდებარებაში არიან და არც "ქართული ოცნების", დავსხდეთ და დავიწყოთ გაერთიანებაზე ლაპარაკი - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს. ელისაშვილი ამბობს, რომ "ლელოს“, გახარიას პარტიას, "გირჩს“, ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო პოლიტიკოსს, გაერთიანების გზებზე საუბარს სთავაზობს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები აქვს "გირჩის“ წევრებთან. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დროებით პარტიული დღის წესრიგი გვერდით უნდა გადადონ და საერთო კონტურებზე იფიქრონ.

"იმ ხალხს მივმართავ, იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც არც "ნაციონალური მოძრაობის" დაქვემდებარებაში არიან და არც "ქართული ოცნების". რომ დავაზუსტო, ასეთებში ვგულისხმობ: გახარიას პარტიას, "ლელოს", ანა დოლიძეს, "გირჩს". მე ამ ხალხს მივმართავ, რომ დავსხდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი. გარკვეული კონტურის მოხაზვის გარეშე, გარკვეული გაერთიანების გარეშე, ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება. ჩვენ და საპარლამენტო "გირჩს" საუბარი დაწყებული გვაქვს. ჩვენ ერთმანეთთან ვლაპარაკობთ იმაზე თუ რა გვაერთიანებს. ამაზე ჩვენ ვლაპარაკობთ და ამ დიალოგში შემოერთებისკენ მოვუწოდებ დანარჩენებსაც", - განაცხადა ელისაშვილმა.

"გირჩის" წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, პატარა პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილის შეთავაზებაზე თანახმა არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ საჯარო განხილვები დაიწყოს.

"თუ ასეთი პროცესი იქნება, სადაც ადამიანები დავსხდებით, ვისაუბრებთ, შევაჯერებთ შეხედულებებს, გაერთიანებაზე საუბარი და ფიქრი მერე შეიძლება. თუ ბატონი ალეკო თანახმა, რომ ჩვენ საჯაროდ ბევრი ვისაუბროთ და მე რამდენადაც ვიცი, თანახმაა და დანარჩენი პარტიებიც ამაზე მოდიან, მაშინ დავიწყოთ პროცესი, რათა შემდეგ ყველას ბუნებრივად გაგვიჩნდეს განცდა, სად და როგორ კონფიგურაციაში ჯობია დალაგება", - განაცხადა ჰერმან საბომ.

დღის ამბები