12 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
ვინ დაუჭერს მხარს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ "ოცნების" ინიციატივას - ოპოზიციის შეფასებები

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი "ქართული ოცნების" ავტორობით - რა განწყობებია პარლამენტში ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ინიციატივაზე.

საპარლამენტო პარტიების ნაწილი ჩაერთვება დისკუსიაში, ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია პარტია "ლელოს".

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს და კვლავ პროდუქტების მომატებულ ფასებზე საუბრობს.

"ქართულ ოცნებასთან" აქვს ხალხს მთავარი შეკითხვები და მნიშვნელოვანია, ამ შეკითხვებზე უპასუხოს, რატომ არის გაძვირებული საქართველოში ცხოვრება, რატომ არის პირველადი მოხმარების პროდუქტები გაძვირებული, საწვავი გაძვირებული და, ასევე, ემიგრაციაში გარბის საქართველოს მოქალაქე. ამ მთავარ შეკითხვებზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გასცეს პასუხი,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ამ ინიციატივას სერიოზულად მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლია და ამის გამო "ცხოვრება აერია".

"მე, მაგალითად, ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, რა პროპაგანდა უნდა იყოს ისეთი, მე რომ შემაცვლევინოს აზრი ქალებსა და კაცებზე. მე მახსოვს, რომ კონსტიტუციაში ჩავწერეთ ადრე ეს ჩვენ და ამით "ქართული ოცნება" ამაყობდა, ხვრელები დარჩა იქ, რომ გვერდი აუაროს ვინმემ? არ ვიცი. მე მაინც უფრო იმ ხალხს ველოდები, ვინც ბავშვობიდან ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი იყო და ცხოვრება აერია ამის გამო, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, სერიოზულად შევხედო თუ არა ამ კანონპროექტს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

"საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თავად ამ თემას "ქართული ოცნება" პროპაგანდისთვის იყენებს, ამიტომ მისი პარტია თემის შესახებ დისკუსიაში ჩაერთვება.

"ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის, და ეს ბოლო პერიოდში ყველაზე უკეთ ჩანს, პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ფორმით ამ ცვლილებების განხორციელების პირდაპირი ჩანაფიქრი მიმართულია სწორედ ამ საკითხის უფრო მეტ პროპაგანდირებაზე. რაც შეეხება მხარის დაჭერა-არ დაჭერას - ამაზე აბსოლუტურად არ მგონია დღეს საუბარი სათანადო,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბრიფინგზე დააანონსა. დოკუმენტი ეხება ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს, ასევე, სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად უზენაეს კანონში სიახლის შესატანად საჭიროა ოპოზიციის ხმებიც.

დღის ამბები