12 მაისი 2024,   00:11
ვრცლად
პარლამენტს "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები წარედგინა

პარლამენტს "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები წარედგინა - "ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს.

ამავე პროექტით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

სწორედ ამ ცვლილებაზე დაისვა კითხვა ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ იმითაც, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში 40%-იანი ბარიერის გაუქმება.

"ახლა რატომ გახდა საჭირო ამ ინიციატივის დაყენება საჭირო, რომ გაუქმდეს 40%-იანი ბარიერი და მეორე საკითხი, ეს შეეხება საპარლამენტო სიაში ე.წ. ახალი მცნების, ამომრჩევლის დელეგატის განსაზღვრებას. მაყურებელსაც, რომ აუხსნათ ეს რას ნიშნავს, რაიმე უპირატესობა ექნება ამ წარმომადგენლის პარლამენტის სიაში ყოფნას, სიაში როგორ იქნებიან ეს ხალხი ასახული? ადრე არსებობდა მაჟორიტარების 30 მანდატის კვოტა და მაჟორიტარები ამ მანდატების მიხედვით ნაწილდებოდნენ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები სპეკულაციურია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"წარმოდგენილი კითხვები სპეკულაციური ხასიათის არის. მოსახლეობისთვის, გარკვეულ წილად კითხვის ნიშნები ისმევა, როდესაც პროპორციული სისტემით იქნება 150 დეპუტატის არჩევა, გვესმის, რომ თითოეული მათგანი წარმოადგენს მთელს ქვეყანას, მაგრამ კონკრეტულად ვინ შეიძლება იყოს ჩვენ ინტერესების წარმომადგენელი, სწორი იქნება, რომ თითოეულმა პარტიამ განსაზღვროს კონკრეტული დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მოსახლეობას ეცოდინება, რომ კონკრეტულ ოლქში, ან მუნიციპალიტეტში ამ ადამიანთან შეიძლება ჰქონდეთ წვდომა", - განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები საინტერესოა და საზოგადოებას დაეხმარება საკუთარი წარმომადგენლები პარტიულ სიაში იხილონ.

"გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით, გარკვეული კვლევაც გაკეთდა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მყოფ მოსახლეობასთან. ვფიქრობ, რომ საინტერესო იდეაა ამ მხრივ და საბოლოო ჯამში, ესეც იყო ამ კვლევის ფარგლებში გამართულ მსჯელობაში, რომ პარტიებმა უნდა იკისრონ გარკვეულ წილად ეს თავის თავზე, რომ მოსახლეობას მისცენ შესაძლებლობა, რომ მათ თავიანთი წარმომადგენლები დაინახონ პარტიულ სიაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები