11 მაისი 2024,   21:53
ვრცლად
გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

"გაფართოება არის გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც ეხება ევროკავშირის მომავალს" - ასეთი იყო ქართული მხარის ძირითადი გზავნილი ბრიუსელში. ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების დეპუტატები ისევ შეიკრიბნენ. ამჯერად მხოლოდ პარლამენტების საგარეო და ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტების თავმჯდომარეები ხვდებიან ერთმანეთს.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს წარმომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ორი დღის განმავლობაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ევროკავშირის გაფართოებაა. ამასთან, კანონმდებლები საუბრობენ უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინაში ომზე.

"დღეს ევროპული უსაფრთხოება უნდა იყოს ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსის მთავარი პრიორიტეტი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ჩვენს წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით. წელს 20 წელი სრულდება ევროკავშირის დიდი გაფართოებიდან, რომელმაც ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის სივრცე გაზარდა.

გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის. დღეს საქართველო, უკრაინასთან, მოლდოვასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ჩვენ უდაოდ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში. საქართველომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანდო პარტნიორია და ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ კონტრიბუტორიც არის.

ამჟამად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე და ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით, მიუხედავად უსაფრთხოების იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე დგას ჩვენს წინაშე. ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე კანდიდატ ქვეყნებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს," - აცხადებს ​პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები