11 მაისი 2024,   14:12
ვრცლად
მართლმსაჯულების რეიტინგები - საქართველო კორუფციული გადაწყვეტილებებისგან სასამართლოს თავისუფლების რეიტინგით, მსოფლიოში 38-ე ადგილს იკავებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, საერთაშორისო რეიტინგების მიუხედავად, კვლავ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემის ერთადერთი ხსნა ვეტინგის, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის დანერგვაა.

ლევან ხაბეიშვილმა დღეს "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. საუბარია გავლენიან საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ქართული მართლმსაჯულებისთვის მინიჭებულ მაღალ შეფასებებზე, რომლის მიხედვითაც ქვეყანა კორუფციული გადაწყვეტილებებისგან სასამართლოს თავისუფლების რეიტინგით მსოფლიოში 38-ე ადგილს იკავებს. კვლევის მიხედვით, ბოლო 12 წლის განმავლობაში მკვეთრადაა გაუმჯობესებული უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც.

"ნაცმოძრაობას" რომ მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე საუბარი არ სურს, მმართველ გუნდში არ უკვირთ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დღეს ყოფილ სახელისუფლებო პარტიას მათი მმართველობის დროს არსებული ფუნდამენტური დარღვევები შეახსენა. მამუკა მდინარაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ახალი რეიტინგებით ქართული სასამართლო ევროკავშირის 9 და ნატოს 13 წევრ სახელმწიფოს უსწრებს, "ვეტინგზე" საუბარი ოპოზიციის რეალურ მიზანს ააშკარავებს.

ხორვატია, უნგრეთი, იტალია, პორტუგალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა - ეს იმ ევროპული ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სასამართლო სისტემაზე მაღლაც, შვედური კვლევითი ცენტრის 4000-მდე ანალიტიკოსმა ქართული მართლმსაჯულება დააყენა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო რეიტინგს არ ენდობა, ნაწილი კი ანალიზის მეთოდოლოგიას იწუნებს.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიუხედავად, ოპონენტებისა და არასამთავრობოების მხრიდან ვეტინგზე საუბრის გაგრძელება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიაჩნიათ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები ოპონენტების სურვილებს მიღმა, სასამართლოს მორიგ ჯერზე დამორჩილებისა და პოლიტიკურ იარაღად გამოყენების სურვილს ხედავენ.

"დემოკრატიის მრავალფეროვნება" იგივე V-Dem - გოტენბურგის უნივერსიტეტის პროექტია, რომელთანაც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ანალიტიკოსი თანამშრომლობს. ორგანიზაცია ერთ-ერთია, რომლის კვლევებსაც - მსოფლიოს ბანკის "გლობალური მმართველობის ინდიკატორები" ეფუძნება.

დღის ამბები