11 მაისი 2024,   13:16
ვრცლად
ფაქტი, რომ გვარამიამ თავის საქმე ატარა ყველგან და ყველგან უთხრეს, რომ შენ ხარ დამნაშავე, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი სულ სხვა წესებით ცხოვრობს - გურამ მაჭარაშვილი

სტრასბურგის უარის შემდეგ ნიკა გვარამიას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წასვლას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "სიმართლე ყველგან სიმართლეა", ეს იქნება ქართული მართლმსაჯულება, სტრასბურგის სასამართლო თუ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.

"ევროპა და ევროპელი მოსამართლეები გადაიტანენ როგორმე ამ გამოწვევას, რასაც ჰქვია გვარამიას უნდობლობა ევროპელი მოსამართლეების მიმართ. თუმცა, გვარამიას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ სიმართლე ყველგან არის სიმართლე. ეს იქნება ქართული მართლმსაჯულება, იქნება სტრასბურგის სასამართლო თუ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, სიმართლე ყველგან არის სიმართლე. თვითონ ეს ფაქტი, რომ გვარამიამ თავის საქმე ატარა ყველგან და ყველგან უთხრეს, რომ შენ ხარ დამნაშავე, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ცხოვრობს სულ სხვა წესებით. ასე გონია, რომ სადაც ის დადის, იქ არის სახელმწიფო და იქ არის სამართალი. ამბობს კიდეც, რომ შეიცვლება ხელისუფლება, შეიცვლება სასამართლო," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაშიც არ მიიღო და ეს ნიშნავს, რომ მან, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვერ დაინახა საფუძველი იმისა, რომ არათუ დარღვევა დაედგინა, არამედ წარმოებაშიც კი მიეღო.

"კითხვები ჩნდებოდა, რომ რაიმე პოლიტიკური ნიშანი ხომ არ გააჩნდა მთლიანად იმ პროცესს. ეს იყო თემა. ვნახეთ ყველამ ერთად, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ამ საქმეს წარმოებაშიც არ ვიღებო. რომ არ მიიღო წარმოებაში, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ დაინახა საფუძველი იმისა, რომ არათუ დარღვევა დაედგინა, არამედ წარმოებაშიც კი მიეღო," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

როგორც პარტიის "ახალი" დამფუძნებელი ამბობს, მან კონსულტაციები ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან გაიარა, საკუთარ საქმეს განსახილველად წაიღებს კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც, მისივე თქმით, ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

"მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება." - წერს ნიკა გვარამია.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა 2022 წლის მაისში, "რუსთავი 2"-ის საქმეზე შეუფარდა. დაახლოებით ერთ წელში ის პრეზიდენტმა შეიწყალა, ორი დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგმა ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო.

დღის ამბები