11 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
სტრასბურგის უარის შემდეგ, გვარამია გაეროში მიდის - ვინ როგორ აფასებს პარტია " ახალის" დამფუძნებლის გადაწყვეტილებას

სტრასბურგის შემდეგ, ნიკა გვარამია ბედს უკვე გაეროში ცდის. ეს მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ პოლიტიკურ დევნაში ვერც სხვები დაარწმუნა და ვერც თავად გვარამია დარწმუნდა სასამართლოს ობიექტურობაში. უცხოელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ პარტია ”ახალის” დამფუძნებელს ახალი სარჩელი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში შეაქვს.

კომენტარს თავად აღარ აკეთებს, თუმცა მის საქმეზე პოლიტიკურ სპექტრში დღეს უფრო აქტიურად საუბრობენ - სტრასბურგის შემდეგ გაეროში გვარამიას მოსალოდნელ წარუმატებლობაზეც და მისი მორიგი გადაწყვეტილების მიზეზებზეც. პრემიერ-მინისტრმა ”ახალის” ლიდერის განცხადებები ქართული მართლმსაჯულების შემდეგ ევროპულ ინსტიტუტზე თავდასხმად შეაფასა.

რა უნდა თქვას გაერომ სტრასბურგის უარის შემდეგ - ოპოზიცია ამ საკითხის შეფასებისას ფრთხილობს. ამბობენ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეაქვთ, თუმცა ისევ სჯერათ, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი უკვე გასცა.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ გვარამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდობლობას მხოლოდ იმიტომ უცხადებს, რომ მისთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღო. ამბობენ, რომ მსგავს პასუხს უნდა ელოდოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისგანაც. მმართველი პარტიაში დღეს ისიც თქვეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხი გაეცა გვარამიას საქმის პოლიტიზების შესახებ იმ უსაფუძვლო აღქმებსაც, რის გამოც 2022 წელს ამ საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ფაქტობრივი სანქციების ქვეშ უკანონოდ მოექცა.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2-სთვის" ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ 2022 წელს ცნო. არხის ყოფილი დირექტორი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეშიც გამტყუნდა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. საპატიმრო კი პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.

დღის ამბები