11 მაისი 2024,   21:23
ვრცლად
სახელისუფლებო გუნდი გვარამიას, მელიას, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს წარსულს ახსენებს - "ოცნების" თქმით, ოპოზიციის კრიმინალთან ასოცირება, მათი პოლიტიკური უპერსპექტივობის ტოლია

ოპოზიციონერ ლიდერებს სახელისუფლებო პარტიამ წარსული დღეს, კიდევ ერთხელ შეახსენა. ”ქართული ოცნების” ადრესატები დღეს გვარამია, მელია, ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, ოპოზიციის ამ ნაწილის კრიმინალთან ასოცირება, მათი პარტიების პოლიტიკური უპერსპექტივობის ტოლია.

ხაზარაძე-ჯაფარიძის და გვარამია-მელიას ერთობამ, წარსულზე საუბარს დუმილი არჩიეს. ოთხივე მათგანზე სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებები აქვს გამოტანილი, მაგალითად, გვარამიას ”რუსთავი2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საპატიმრო კი სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა.
ნიკა მელია 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისათვის განკუთვნილი სასჯელის დარღვევისთვის დააპატიმრეს, მის გასათავისუფლებლად კი, გირაო ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდიდან გადაიხადეს. მის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეზეა დამდგარი განაჩენი,საუბარია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობის პერიოდში ”ქართუბანკის” გაკოტრებაზე. რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს, "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ჯგუფური თაღლითობისთვის 7 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, "ლელოს" ლიდერებს სასჯელი არ დაეკისრათ.

კოლეგების წარსულის პოზიტიურად წარმოჩენას, დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც შეეცადა.

თვალთმაქცობა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ”ლელოს” ლიდერებისა და გვარამია-მელიას პოლიტიკურ მიზნებს. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კრიმინალური წარსულის მქონე პირების ადგილი პოლიტიკაში არ არის.

ამ თემაზე კითხვა, დღეს, პრემიერ-მინისტრსაც დაუსვეს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც დანაშაულში ოფიციალურად მხილებულები პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას გამოთქვამენ, ამომრჩეველი მათ წარმატების შანსს ვერ მისცემს.

პარტიებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად 7 თვე დარჩათ. სწორედ არჩევნებზე გაირკვევა, ვის ანდო მეტი მანდატი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ამომრჩეველმა.

დღის ამბები