11 მაისი 2024,   13:20
ვრცლად
"სადღაც მიწერილი სლოგანით, თუ "ქართული ოცნება" ღიზიანდება, ნიშნავს იმას, რომ აპირებენ უსამართლოდ გააგრძელონ ქვეყნის მართვა" - ოპოზიცია სტენსილებზე

"იძებნება სამართალი!" - დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამ შინაარსის სტენსილები გამოჩნდა. წარწერების ავტორების ვინაობა უცნობია, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ კამპანიის მიღმა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები და ორგანიზაციები დგანან. "ქართულ ოცნებაში" სასამართლოს დისკრედიტაციაზე და მოსამართლეების წინააღმდეგ დაფინანსებულ კამპანიაზე საუბრობენ.

ბრალდებებს უარყოფს ოპოზიცია, სტენსილებში კი პრობლემას ვერ ხედავს, უფრო მეტიც ამბობენ, რომ ამ ფაქტს მიესალმებიან.

როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა, შესაბამისად, მსგავსი წარწერების გამოჩენა გასაკვირი არაა.

"რეალობა არის შემდეგი, ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება, გინდათ ევროკავშირი, გინდათ, რომ იყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო, მაშინ მიხედეთ სასამართლო სისტემას.

აბსოლუტურად სამართლიანია, მივესალმები ნებისმიერ მსგავსს პროტესტს და რაც მთავარია, ჩვენ დიდი ეროვნული ერთობა გვჭირდება 26 ოქტომბერს, იმიტომ რომ ასე ჭიდაობით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"იძებნება სამართალი" - სადღაც მიწერილი სლოგანით, თუ "ქართული ოცნება" ღიზიანდება, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი აპირებენ უსამართლოდ გააგრძელონ ქვეყნის მართვა. თუ სტენსილებზეა საუბარი, არაერთი ძალადობისკენ მოწოდების სტენსილები გვხვდება ახლაც ქალაქში," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები