11 მაისი 2024,   17:32
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი - ლგბტ პროპაგანდა არის ზღვარგადასული, თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ, უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც მისი განმარტებით, ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით  არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და პრობლემების პრევენცია.

„ლგბტ პროპაგანდა დღეს პრობლემაა, მეგობრებო. შეიძლება, ვიღაცამ მკითხოს, ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. რატომ არ ხდება? ყველგან ხდება. დღეს არ ხდება, ხვალ შეიძლება მოხდეს.

10 წლის წინ, გუნდმა ერთი მხრივ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე მხრივ წარვადგინეთ ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ქორწინების დეფინიცია.

ვინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მთელს ევროპაში მოეფინებოდა, თითქმის ორგანიზებულად მიიღეს ერთსქესიანი ქორწინება. მაშინ არ იყო ეს აქტუალური. მახსოვს, მაშინ გამოვიდნენ და თქვეს, რა საჭიროა ქორწინების განსაზღვრა, ისედაც გარკვეულია. არ არის გარკვეული, არაფერია გარკვეული. დღეს რაღაც რომ არის გარკვეული, ხვალ შესაძლოა შეიცვალოს. საჭიროა, ჩვენი ინტერესების დაცვა. ნუ გერიდებათ, ამაზე საუბარი.

პატარა, თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ. უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა. ჩვენი ინტერესის დაცვა არის შემდეგი: ლგბტ პროპაგანდა არის ზღვარგადასული. სამწუხაროა, თუ არ ვცდებით, ამერიკაში გამოაცხადეს დღევანდელი დღე ტრანსგენდერის დღედ. კატასტროფა ხდება, სკოლებში, ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან ბავშვებს, რომ შეუძლიათ სქესი შეიცვალონ.

ამიტომ, აუცილებელია, რომ მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება. ეს თემა უნდა დაიხუროს საზოგადოებაში. ეს არის საფრთხის შემცველი ჩვენი მომავალი თაობების. ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლება, მაგრამ უნდა დავაზღვიოთ გარკვეული რისკები,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები