30 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
მესროლეს ტალახი კორუმპირებულის, აქ რეალური თემა ის არის, რომ უნდათ სასამართლო სისტემაში მოიყვანონ მათთვის სანდო ადამიანები არასამთავრობო სექტორიდან - ლევან მურუსიძე მილერის განცხადებაზე

მეთიუ მილერის განცხადებას, რომელიც, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას", სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე პასუხობს.

ლევან მურუსიძის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებს.

მისივე თქმით, რეალურად კონკრეტულ პირებს სურთ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მის ნაცვლად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის დანიშვნა.

"დარწმუნებული ვარ, რომ კორუფციის თემას ეს არ ეხება. მიზანი, წლების განმავლობაში, არის ის, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ბერკეტები სასამართლო სისტემაზე ზემოქმედების.

მესროლეს ეს ტალახი, კორუმპირებულის, ისე, რომ არ მეუბნებიან რაში მდგომარეობს ეს კორუფცია. ბატონმა მილერმა უნდა თქვას, რომ ვიცი, ამა და ამ საქმეში, ლევან მურუსიძეს აღებული აქვს ქრთამი. არც განაჩენი არსებობს ჩემ წინააღმდეგ დადასტურებული, არაფერი ისეთი არ არსებობს და წინასწარ რატომ მაკერებ ამ კორუმპირებულობას.

ვთქვათ, ჩატარდეს გამოძიება და აღმოჩნდეს, რომ არ ვარ კორუმპირებული, მერე რა ხდება?! რამხელა რეპუტაციული ზიანია, ოჯახის წევრების ამხელა ტერორი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასი პრობლემაა, ამხელა გლობალური რაღაც ხდება გარშემო და [ამბობს] ლევან მურუსიძე არის კორუმპირებული და მის მიმართ დაიწყეთ გამოძიება.

აქ რეალური თემა არის ის, რომ უნდათ, სასამართლო სისტემაში მოიყვანონ ის ადამიანები, ვინც არის მათთვის სანდო, არასამთავრობო სექტორიდან დაკომპლექტდეს. არაფერი რომ არ შეიცვალოს სასამართლო სისტემაში და ჩემ ადგილას იყოს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ - სანიმუშო სასამართლო არის საქართველოში. აქ, რეალურად, არის სასამართლო სპეცოპერაცია", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

დღის ამბები