30 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ჩვენი და ამერიკის სასამართლოს შედარება რაღაც ინდექსებით, უხერხულია - ალექსანდრე რაქვიაშვილი

მეთიუ მილერის განცხადებას, რომელიც, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას", პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში სასამართლო სისტემაში არავითარი პროგრესი არ იქნება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არავითარი პროგრესი არ გვექნება, არც სასამართლო სისტემაში და არც იმ საქმეების გამოძიებაში, რომელიც მითითებული იქნა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან და რომლის მიხედვითაც დასანქცირდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც მხილებულნი არიან კორუფციაში და პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებაში.

კვლევის სანდოობაში ეჭვის შეტანა არ გვჩვევია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა არის ხალხის განწყობა გამოხატული არჩევნებში. ასე დაჯგუფდა, ასე გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", რომ ისინი არიან ჩინჩალაძისა და მურუსიძის მხარეს. დავინახოთ საით იქნება ქართველი ამომრჩეველი", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდება.

"ამერიკელების ზეწოლა სასამართლოზე, რომ იქნებ სასამართლოში რამე ქნათო, ანუ წესიერი ხალხი მოიყვანეთ, კორუმპირებული ხალხი გაყარეთ და ა.შ. ამის საპასუხოდ არის აგენტების კანონის შემოღება, რასაც გამჭვირვალობას ეძახიან. ფაქტობრივად, ამერიკელებს უპირისპირდებიან. ადრეც ვამბობდით, რომ ეს ამერიკელების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ახლა ნათლად ჩანს, რატომ. ამერიკელები რომ გვეუბნებიან სასამართლო არ ვარგაო, ხომ ცხადია, რომ მართლები არიან, ამაზე მარტივი რა უნდა იყოს. იმიტომ გეუბნება, რომ ჩვენი მოკავშირე და მეგობარია. ჩვენი და ამერიკის სასამართლოს შედარება რაღაც ინდექსებით უხერხულია. ზოგადად ამერიკის სასამართლო რაც არსებობს ჩვენ უბრალოდ არც კი გვაქვს სასამართლო", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები