30 აპრილი 2024,   21:50
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დეპუტატებმა პარლამენტის სესიაზე, პირველი მოსმენით, კენჭი დღეს უნდა უყარონ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დეპუტატებმა პარლამენტის სესიაზე, პირველი მოსმენით, კენჭი დღეს უნდა უყარონ. ხმის მიცემის პროცედურებამდე, სხდომათა დარბაზში, 12:00 საათისთვის, კანონმდებლების სიტყვით გამოსვლები გაგრძელდება.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა სესიაზე გუშინ თითქმის 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, მისი განხილვა ვერ მოესწრო.

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივის უკან წაღებას მოითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის მიღება ქვეყნის ეროვნულ ინტერესსა და ევროპულ მომავალს აზიანებს და ამის არგუმენტად დასავლელი ლიდერების განცხადებები მოჰყავთ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება დაუშვებელია.

"ეს კანონპროექტი არის ის, რომ ჩვენ შეიძლება მალე აღმოვჩნდეთ იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც თავის საკუთარ მოქალაქეებს აცხადებენ აგენტებად. ეს არის დაუშვებელი,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარტიის "სტრატეგია აღმაშენებელი" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" თითქმის ყველა ინსტანციამ მოუწოდა, რომ კანონპროექტი არ მიიღოს.

"შარლ მიშელმა გააკეთა განცხადება, მანამდე განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა, უფრო ადრე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. მართლა, უფალი დარჩა, რომელსაც არ უთქვამს "ქართული ოცნებისთვის", რომ ეს არ გააკეთო, დანარჩენი ყველა ინსტანციამ დედამიწაზე რაც არსებობს, უთხრა, რომ ასეთი სისულელე თქვენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ არ გააკეთოთო,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

დღის ამბები