02 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
შს მინისტრი ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ინციდენტის ამსახველი კადრები არსებობს და დასკვნას გამოძიება დადებს

აქციებზე მომხდარი დაპირისპირებისა და ქალთა მიმართ ძალადობის გარდა, დღეს ვახტანგ გომელაურს ალეკო ელისაშვილის ცემაზეც მოუწია საუბარი. დასკვნას გამოძიება დადებს - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ოპოზიციას აინტერესებდა, რატომ არ იცავს დეპუტატის უფლებებს პირველი პოლიციელი ისე, როგორც იცავს პოლიციელთა ღირსებას. მმართველ პარტიას კი აინტერესებს, რატომ არ დაგმო ოპოზიციამ ამავე დეპუტატის მიერ მეორე დეპუტატისთვის სახეში მოქნეული მუშტი.

თავად ალეკო ელისაშვილმა დღეს იმ პოლიციელებს, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, "ძაღლობა" უწოდა. დეპუტატს არც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების იმედი აქვს და აცხადებს, რომ ის, რაც მან მოგვიანებით კადრებში იხილა, პოლიციის მხრიდან ჯგუფური ძალადობა და ორგანიზებული დანაშაულია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დავა მიდის - ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიციას მისი დაკავების უფლება არ ჰქონდა, რადგან მას სადეპუტატო მანდატი იცავს, პოლიცია კი ამტკიცებს, რომ ის კი არ დააკავეს, არამედ განარიდეს.

დადის თუ არა პარლამენტში დეპუტატი ელისაშვილი და ესწრებოდა თუ არა დღევანდელ სხდომას, რომელზეც მის შესახებ განმარტებებს მინისტრისგან კოლეგები ითხოვდნენ.

ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის, აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ინციდენტის ამსახველი კადრები არსებობს და დასკვნას გამოძიება დადებს.

ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ ინციდენტზე ოპოზიციის ნაწილი მკაცრ რეაგირებას ითხოვს, მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ "მოქალაქეების" ლიდერი გამიზნულად მოქმედებდა. განცხადებები დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის დროს გააკეთეს.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რაც კადრებშიც ჩანს, მმართველი გუნდი კი ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე აკეთებს აქცენტს და ოპოზიციას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

ინციდენტი 18 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე მოხდა. დაპირისპირება სამართალდამცველებთან მაშინ მოხდა, როცა "მოქალაქეების" ლიდერი პოლიციის კორდონის გარღვევასა და კანცელარიის შიდა ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა სამართალდამცველების მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, 333-ე მუხლით, გუშინ დაიწყო.

დღის ამბები