04 მაისი 2024,   22:17
ვრცლად
ევროკავშირის შიგნით, ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მიზეზით არის დასანქცირებული, მაგალითად პოლონეთი - ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, რადგან შევდივართ გლობალურ სამყაროში სადაც ძალიან მკაცრი ვითარებაა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები და სხვა პარტნიორებმაც უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება ზომით და ეკონომიკით პატარა ქვეყანა ხარ, მაგრამ ხარ ქვეყანა.

"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ გლობალურ სამყაროში, ჩვენ ვხდებით გლობალური სამყაროს წევრი. ამ გლობალურ სამყაროში ძალიან მკაცრი ვითარებაა და ამიტომ, შენი პოზიციები, შენი ერის, სახელმწიფოს ინტერესები ყოველთვის უნდა დაიცვა. მხოლოდ ასეთ პირობებში ხარ შენ იმ გლობალურ სამყაროში პარტნიორებთან ერთად. შენ უნდა დაიცვა შენი ინტერესები და სხვა პარტნიორებმაც უნდა იცოდნენ, რომ შენ შეიძლება ზომით და ეკონომიკით პატარა ქვეყანა ხარ, მაგრამ ხარ ქვეყანა. ევროკავშირის შიგნით, ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მიზეზით არის დასანქცირებული, მაგალითად პოლონეთი. პოლონეთს აქვს საკუთარი ხედვები, მათ შორის, სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებით, რის გამოც, მას შეჩერებული აქვს ევროკავშირისგან დაფინანსებები. ჩვენ არაფრის შეჩერებისთვის არ ვართ მოწოდებული, ჩვენ ვართ მოწოდებული ერთი რამისთვის, რომ საქართველოში პოლარიზაცია და პოლიტიკური ველი გაიხსნას და დამშვიდდეს.

ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, საუბარი იყო და ნომერ პირველი მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია. უკაცრავად და ფული იდებოდა პოლარიზაციაში. თუ გნებავთ, ნახეთ მედია გარემო, როგორ აპოლარიზებს ვითარებას, გნებავთ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ყოველ ჯერზე აპოლარიზებდნენ ვითარებას, თუ გინდათ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველ ჯერზე შტორმს აწყობდნენ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები