04 მაისი 2024,   19:34
ვრცლად
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავა მზადაა, დაეხმაროს უკრაინას საზღვარგარეთ გაქცეული სამხედრო ასაკის მამაკაცების "იდენტიფიცირებაში"

ამერიკის საგარეო დახმარების 95 მილიარდი პაკეტი ოფიციალურად დამტკიცებულია - დოკუმენტს ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა. შეგახსენებთ, დახმარებიდან 61 მილიარდი უკრაინისთვის არის განკუთვნილი. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, დახმარების პირველი ტრანში - ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდება უკრაინისთვის უკვე იწყება.

ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, მარტიდან, ფარულად აწვდიდა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, თუმცა მანამდე მიიჩნეოდა, რომ ეს მხოლოდ მოკლე რადიუსის რაკეტებს ეხებოდა. თეთრ სახლში განმარტავენ, რომ უკრაინა ვალდებულია, იარაღი გამოიყენოს მხოლოდ უკრაინის შიგნით და არა - რუსეთში. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი აღიარებს, რომ უკრაინამ ავდეევკა დახმარების დაგვიანების გამო დაკარგა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ "დებატებსა და ეჭვებში გასული 6 თვის კომპენსირებისთვის".
 
პარალელურად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავა მზადაა, დაეხმაროს უკრაინას საზღვარგარეთ გაქცეული სამხედრო ასაკის მამაკაცების "იდენტიფიცირებაში".

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18-დან 60 წლამდე უკრაინის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ დოკუმენტების გაფორმების შეწყვეტა გამოაცხადა - ეს ნაბიჯი მობილიზაციის შესახებ ახალ კანონს უკავშირდება.

ფრონტის ხაზზე კი ამ დრომდე რთული ვითარებაა. გასულ ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, სარაკეტო საფრთხის გამო ჩაირთო. პარალელურად, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობსაცავებზე შეტევას განაგრძობს. დრონებით იერიშის ობიექტი ამჯერად სმოლენსკში მდებარე ნავთობის ბაზა იყო.

დღის ამბები