05 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება - ხატია დეკანოიძე სადავო კანონპროექტზე

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის.

"უცხოური აგენტების" შესახებ კანონის ხელახლა წარდგენისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობა" - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს სადავო კანონპროექტს, რადგან ის აწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს. ჩანაწერის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

შევა თუ არა დოკუმენტში შესწორებები, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. შესწორებებში კი, რომელიც შესაძლოა რეზოლუციის ტექსტში აისახოს, საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში და მოწოდებაზე, უმრავლესობამ გააუქმოს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც, როგორც შესწორებებშია ნათქვამი, ლგბტქიუ უფლებებს ზღუდავს.

თემაზე თბილისში დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები, მმართველი გუნდი ისევ ორმაგ სტანდარტსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.

როგორც "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, თუ კანონი მიღებული იქნება, საქართველო ევროკავშირში არ გაწევრიანდება და დიდი შანსია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავისუფალი ვიზით სარგებლობის უფლებაც შეეზღუდოს.

"თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. დიდი შანსია, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის თავისუფალი ვიზით სარგებლობის უფლება აღარ მიეცეთ. ვფიქრობ, მთავარი არის ერთ რამ, საქართველოში "ქართული ოცნება" სრულად გადაიქცეს რუსული გავლენების აგენტად და საქართველოს შეუზღუდონ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა, რაც ყველაზე სავალალოა ამ მიმართულებით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები